შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

ონკოლოგიურ მედიკამენტებზე ფასების ხელოვნურად გაზრდით, ხდებოდა ლიმიტების ნაადრევად ამოწურვა, ადამიანები რჩებოდნენ მედიკამენტების გარეშე

ოთხი ფარმაცევტული კომპანიის მხრიდან ონკოლოგიურ მედიკამენტებზე ფასების ხელოვნურად გაზრდის საფუძველზე ხდებოდა ლიმიტების ნაადრევად ამოწურვა, ადამიანები რჩებოდნენ მედიკამენტების გარეშე, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, კომპანიები ცალსახად იყვნენ გარიგებული.

„ბრალდება არის ძალიან მძიმე. ფარმაცევტულ კომპანიებს საკმარისზე მეტი დრო ჰქონდათ არგუმენტების წარმოსადგენად. მასალებით დასტურდება, რომ კომპანიები ცალსახად იყვნენ გარიგებული კონკრეტულ მედიკამენტებზე. მედიკამენტი ათასობით ლარი როცა ღირს, თეორიულადაც კი მინიმალურია იმის ალბათობა, რომ ერთი თეთრის სიზუსტით, ოთხმა კომპანიამ ერთი და იგივე ფასი შესთავაზოს სახელმწიფოს. ეს იყო წინასწარგანზრახული, მიზანმიმართული, რომ ხელოვნურად გაზრდილი ფასით მომხდარიყო სახელმწიფოს მხრიდან ანაზღაურება და მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება. იცით, რომ წლიური ლიმიტი გვაქვს ონკოლოგიურ მედიკამენტებზე. სამწუხაროდ, სწორედ იმ ლიმიტიდან ხდებოდა თანხების გახარჯვა. შესაბამისად, ადამიანები რჩებოდნენ მედიკამენტების გარეშე“, – აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა.

კონკურენციის სააგენტომ ოთხი ფარმაცევტული კომპანია ონკოლოგიურ მედიკამენტებთან დაკავშირებით შეთანხმებული ქმედების გამო, ჯამში, 53 მილიონ ლარამდე დააჯარიმა.