შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

საქართველომ Facebook-იდან მომხმარებელთა ინფორმაციის გამოთხოვის მოთხოვნების რაოდენობა გაზარდა

საქართველოს საგამოძიებო სამსახურებმა გლობალურ ტექნოლოგიურ გიგანტ Meta Platforms-ს მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების გამოთხოვით 2023 წლის პირველ ნახევარში 47 განაცხადით მიმართა. ეს განაცხადები სულ 149 ანგარიშის შესახებ ინფორმაციის გამოთხოვას შეეხებოდა.

მსოფლიოს მთავრობებთან თანამშრომლობის შესახებ Meta ნახევარწლიურ ანგარიშებს აქვეყნებს. სწორედ ამ ანგარიშიდან ირკვევა, რომ საქართველოდან შესული განცხადებების 94% დადებითად დააკმაყოფილეს და მოთხოვნილი ინფორმაცია გასცეს.

შედარებისთვის, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში საქართველოდან Meta-ში პერსონალური მონაცემების გაცემის 27 განაცხადი გაიგზავნა, რომლებიც 40 ანგარიშის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას შეეხებოდა. ამ განცხადებების 96% დადებითად დაკმაყოფილდა.

Meta-ში შესული განცხადებები შეეხება როგორც Facebook-ს, ასევე Instagram-ს, Whatsapp-ს და სხვა სერვისებს, რომლებსაც Meta აერთიანებს. დადებითად დაკმაყოფილებულ განცხადებებს Meta აღრიცხავს შემდეგი კრიტერიუმით – percentage of requests where some data produced – განცხადებების რაოდენობა, რომლებზეც გარკვეული მონაცემები მომზადდა. შესაბამისად, ორგანიზაცია მასში აღრიცხავს ისეთ პასუხებსაც, რომლებიც საგამოძიებო უწყებების მიერ მოთხოვნილ სრულ ინფორმაციას ნაწილობრივ მაინც პასუხობს. თითოეულ განცხადებას Meta დეტალურად სწავლობს, რის შემდეგაც კომპანია ინფორმაციის სრულად/ნაწილობრივ ან საერთოდ არ გაცემის შესახებ იღებს გადაწყვეტილებას.

ამავე ანგარიშის თანახმად, Meta-მ 2023 წლის პირველ ნახევარში სომხეთიდან ინფორმაციის გამოთხოვაზე 5 განაცხადი, აზერბაიჯანიდან კი 15 განაცხადი მიიღო. აზერბაიჯანიდან შესული 15 განაცხადი 50 პირის მონაცემებს ეხებოდა და Meta-მ განცხადებების 40% დააკმაყოფილა, სომხეთიდან შესული 5 განაცხადი კი 6 პირის მონაცემებს ეხებოდა, Meta-მ ამ განცხადებების 60% დააკმაყოფილა.

ყველაზე მეტი 74 ათასი განაცხადი აშშ-დან შევიდა, რაც 125 ათას ანგარიშს ეხებოდა, აქედან 88%-ზე Meta-მ მოთხოვნა დააკმაყოფილა. განცხადებების რაოდენობით ასევე ლიდერია გერმანია, საიდანაც 2023 წლის პირველ ნახევარში Meta-მ 21 ათასი განცხადება მიიღო 29 ათასი ანგარიშის მონაცემებთან დაკავშირებით, საიდანაც Meta-მ 72% დააკმაყოფილა.

საქართველოდან Meta-ში შესული განცხადებების სტატისტიკა 2013-2023 წლებში: