ბადრი ესებუას დღეს თუ არა, ხვალ აუცილებლად დავაკავებთ – ვახტანგ გომელაური

ბადრი ესებუას დაკავება დღეს თუ არა ხვალ აუცილებლად მოხდება – მაგალითად, სამი კვირის წინ 12 წლის წინ ჩადენილი მძიმე მკვლელობის დანაშაულისთვის ძებნილი პირი დავაკავეთ, – ეს განცხადება პარლამენტის ტრიბუნიდან შსს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა გააკეთა. მან აღნიშნა, რომ არ უყვარს ტრაბახი და წინასწარ არ იტყვის, ესებუას დაკავება მოხდება ხვალ, ზეგ, ერთ საათში თუ მაქსიმუმ ერთ თვეში. „მესმის, რომ დასაკავებელია. მადლობა ბატონო ალეკო, კითხვა ოპერაციის კარგად ჩატარებაზე რომ არ დასვით. იყო ორი მიმართულება – ან უნდა შევსულიყავით და ოპერაცია დაგვეწყო და შეიძლება ადამიანები დაღუპულიყვნენ ან უნდა გაგვეკეთებინა ის, რაც ჩვენ გავაკეთეთ. მე პრემიერს ავუხსენი, რა ვარიანტები იყო, რაც არც გომელაურის მოგონილია, არც – ღარიბაშვილის და არც გოგა მღებრიშვილის – ეს არის ამერიკული სტანდარტი! მითხრა, არავითარი სისხლისღვრა! დაკავებას ვეცადეთ, როგორ არ ვეცადეთ… აბა, წადი და მშვიდობაში მოიხმარე – ასე ხომ არ გავუშვებდით?! ჩვენმა თანამშრომელმა საკუთარი სიცოცხლე გარისკა და მანქანაში ჩაუჯდა. შეგვეძლო ოპერაცია მასთან ერთად ჩაგვეტარებინა, სადაც კიდევ სამი მოქალაქე იჯდა, თუმცა მათი სიცოცხლის გაწირვაც ძალიან სახიფათო იყო, რადგან მანქანაში გახსნილი ხელყუმბარით იჯდა. აქაც ჩავთვალე, რომ შტურმი არ დამეწყო, რადგან ხელყუმბარა რომ აფეთქდება, იქ ვერავინ გადარჩება“, – განაცხადა შსს მინისტრმა. მანამდე „მოქალაქეების“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა ვახტანგ გომელაურს ჰკითხა: ყველას გვაინტერესებს, ბადრი ესებუას ხომ არაფერი შემოუთვლია? საქართველოს ბანკზე შეიარაღებულ თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუა ამ დრომდე იძებნება. ესებუას წინააღმდეგ საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლების აყვანას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს დეპუტატები „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.

თრიალეთი TV