შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

ჩვენი მიზანია, რომ მომავალ კვირის ბოლოსთვის, ახალი მთავრობა უკვე დამტკიცებული გვყავდეს – პაპუაშვილი

ჩვენი მიზანია, რომ მომავალ კვირას, როცა საგაზაფხულო სესია გაიხსნება, მთავრობა უკვე გვყავდეს დამტკიცებული, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის თქმით, დანარჩენი პროცედურების შესახებ ინფორმაცია ხვალ, „ქართული ოცნების“ ყრილობაზე გაჟღერდება.

„ირაკლი კობახიძე არის ის კანდიდატურა, რომელზეც პარტია მსჯელობს. იმ შემთხვევაში, თუ ის გახდება პრემიერ-მინისტრი, ესეც იქნება ისტორიული მომენტი ქართული დემოკრატიისთვის, რადგან პირველად ისტორიაში, პრემიერი წამოვა საპარლამენტო წიაღიდან. სხვა კანდიდატი არ განიხილება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მან მინისტრების შესაძლო კანდიდატებზე კომენტარები არ გააკეთა და თქვა, რომ ეს მომავალი პრემიერის პრეროგატივაა.

„რაც შეეხება ახალი მთავრობის და სამთავრობო პროგრამის დამტკიცებას. პარლამენტში ფრაქცია წარადგენს პრემიერის კანდიდატურას. ჩვენი მიზანია, რომ მომავალ კვირას, როცა საგაზაფხულო სესია გაიხსნება, იმ კვირის განმავლობაში მთავრობა სრულად დაკომპლექტდეს და მომავალი კვირის ბოლოსკენ გვყავდეს ახლად დამტკიცებული მთავრობა“, – თქვა პაპუაშვილმა.