შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

შინაური ცხოველის მიტოვებისთვის ჯარიმა 3000-დან 5000 ლარამდე იქნება – კანონპროექტი

26 იანვრიდან, საკომიტეტო მოსმენები და დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაცია დაიწყება კანონის პროექტზე „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ – ამის შესახებ კანონპროექტის თანაავტორმა, მაია ბითაძემ განაცხადა. პროექტი პარლამენტში ,,ქართული ოცნების” 24 დეპუტატის მიერ გასული წლის 27 დეკემბერს დაინიცირდა.

პროექტის ამოქმედებამდე, ცვლილებები უნდა შევიდეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, სისხლის სამართლის კოდექსში და „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“.

განმარტებითი ბარათის მიხედვით, წარმოდგენილი კანონპროექტის მიღების მიზანია შინაურ ბინადარ ცხოველთა მართვის სფეროში ცხოველთა კეთილდღეობისათვის აუცილებელი და სათანადო ინსტიტუციების განსაზღვრა და შესაბამისი სამართლებრივი ბაზის შექმნა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ადამიანისა და შინაური ბინადარი ცხოველის თანაარსებობა უსაფრთხო და საიმედო
გარემოში.

ამჟამად ქვეყანაში არსებული ჰიპერპოპულაციის გათვალისწინებით, კანონპროექტის მიღება მიზნად ისახავს შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციების მართვის თანამედროვე, აპრობირებული, ჰუმანური პრინციპებისა და მეთოდების დანერგვას. ამასთან, შინაურ ბინადარ ცხოველთა მიკვლევადობის უზრუნველსაყოფად, კანონპროექტი ითვალისწინებს შინაურ ბინადარ ცხოველთა სავალდებულო იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროცედურის შემოღებას.

კანონში ასევე გაწერილია დარღვევები და ჯარიმის ოდენობები :

  • ყოველწლიური ვეტერინარული შემოწმების, ვაქცინაციის და სხვა საჭირო სამკურნალო-პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარების ვალდებულების დარღვევისათვის, რაც გამოიწვევს მეპატრონის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით;
  • მიკედლებული შინაური ბინადარი ცხოველის ანტირაბიული ვაქცინაციის ვალდებულების დარღვევისათვის, რაც გამოიწვევს შინაური ბინადარი ცხოველის მიმკედლებლის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
  • იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის მოთხოვნების დარღვევისათვის, რაც გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით;
  • მომეტებული რისკის ჯიშის ძაღლის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის მოთხოვნების დარღვევისათვის, რაც გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით;
  • ნარევი (მეტისი) ჯიშის შინაური ბინადარი ცხოველის (ძაღლი, კატა)სტერილიზაცია/კასტრაციის მოთხოვნების დარღვევისათვის გათვალისწინებულია ჯარიმა 300 ლარის ოდენობით;
  • ცხოველის ყოლისთვის დადგენილი რაოდენობრივი შეზღუდვის დარღვევისათვის, რაც გამოიწვევს მეპატრონის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით;
  • მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოსთვის ხელის შეშლა მიკედლებული შინაური ბინადარი ცხოველის სტერილიზაცია/კასტრაციის, ვაქცინაციის ან ცოფზე დაკვირვების მიზნით გადაყვანისას გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით;
  • მეპატრონის ვალდებულებების დარღვევისათვის, რასაც შედეგად მოჰყვა სხვა ცხოველის ან ადამიანის ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, რაც გამოიწვევს მეპატრონის ან მფლობელის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით;
  • შინაური ბინადარი ცხოველის მიტოვებისთვის, რაც გამოიწვევს მეპატრონე ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობით, ხოლო მეპატრონე იურიდიული პირის დაჯარიმებას – 5000 ლარის ოდენობით.

ასევე, ჯარიმები განსაზღვრულია შემდეგ დარღვევებზე:

  • ძაღლის საბლის ან ალიკაპის გარეშე ყოლა ღია სივრცეში, მათ შორის, ბულვარში, პარკში ან სკვერში გამოიწვევს მეპატრონის ან მფლობელის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, მომეტებული რისკის ჯიშის ძაღლის შემთხვევაში – 300 ლარის ოდენობით.
  • შინაურ ბინადარ ცხოველთან (ძაღლი, კატა) ერთად მგზავრობა მიწისქვეშა ელექტრო ტრანსპორტით (მეტრო), საბაგირო გადაყვანისას, ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას M2 და M3 კატეგორიის ავტობუსით და საქალაქთაშორისო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, ერთდროულად მოკლე საბელის და ალიკაპის ან სპეციალური გადამყვანის (კონტეინერის, ჩანთის) გარეშე გამოიწვევს მეპატრონის ან მფლობელის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, ხოლო მომეტებული რისკის ჯიშის ძაღლის შემთხვევაში – 300 ლარის ოდენობით.

“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები ასევე ითვალისწინებს სანქციებს გამრავლების მოთხოვნების დარღვევისათვის.

  • თვრამეტ თვემდე და ან რვა წლის ან მეტი ასაკის ძაღლების გამრავლება გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით;
  • შინაური ბინადარი ცხოველის (ძაღლი, კატა) გამრავლება ცხოველის ჯანმრთელობისა და ჯიშიანობის და გამრავლებაზე ვარგისიანობის ცნობის გარეშე გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით;
  • ნარევი (მეტისი) ჯიშის (გარდა სელექციის შემთხვევისა) ან არარეგისტრირებული ან გენეტიკური დაავადების მქონე ძაღლის ან/და კატის გამრავლება გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით;
  • შინაური ბინადარი ცხოველის (ძაღლი, კატა) გამრავლება “შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონით დადგენილი ავტორიზაციის გარეშე გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით;
  • მომეტებული რისკის ჯიშის ძაღლის გამრავლება დადგენილი მოთხოვნების დარღვევით გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას – 2000 ლარის ოდენობით;
  • მთავრობის მიერ დადგენილი პოტენციურად მომეტებული რისკის ჯიშის ძაღლის იმპორტის, გამრავლების თაობაზე აკრძალვისა და დროებითი შემოყვანის წესის დარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.

აღსრულებაზე რამდენიმე უწყებაა პასუხისმგებელი. მათ შორის: შსს, სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ადგილობრივი მუნიციპალიტეტები. კანონის პროექტი ითვალისწინებს ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციას მონაცემთა ერთიან ბაზაში, რომელსაც მართავს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – „სურსათის ეროვნული სააგენტო“.

კანონპროექტის ავტორების მოლოდინით, კანონპროექტის მიღების შედეგად შეიქმნება შინაურ ბინადარ ცხოველთა კეთილდღეობის მარეგულირებელი სრულყოფილი საკანონმდებლო ბაზა, რომელიც უზრუნველყოფს შინაურ ბინადარ ცხოველთა მიკვლევადობას, დაარეგულირებს ცხოველთა სამართლებრივ სტატუსებს (პატრონიანი, უპატრონო, მიკედლებული), დაადგენს მათი კეთილდღეობის
უზრუნველსაყოფად აუცილებელ სტანდარტებს, მათ შორის, მათი მიტოვების აკრძალვას,
ასევე, ცხოველთან ერთად გადაადგილების დასაშვებ სტანდარტებს, მეპატრონეთა და მიმკედლებელთა ვალდებულებებს შინაურ ბინადარ ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ასევე, მოწესრიგდება შინაურ ბინადარ ცხოველთა სასტიკი მოპყრობისაგან დაცვის, ევთანაზიის, გამრავლებისა და რეალიზაციის პირობები.

კანონპროექტის ძირითადი ნაწილი მიღების შემთხვევაში 2025 წლის 1 ივლისიდან შევა ძალაში. რაც შეეხება, მიმკედლებლის ვალდებულებას, განახორციელოს მიკედლებული ძაღლის ანტირაბიული ვაქცინაციას ის, 2027 წლის 1 იანვრიდან უნდა ამოქმედდეს.