covid-გადატანილებისთვის „მწვანე სტატუსის“ უვადოდ მინიჭება სერიოზული შეცდომაა – ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ covid-გადატანილებისთვის უვადოდ „მწვანე სტატუსის“ მინიჭება უწყებათშორისი საბჭოს სერიოზული შეცდომაა.

საქმე ის არის, რომ დღეიდან ქვეყანაში ე.წ. “მწვანე პასპორტები” ამოქმედდა. ე.წ. „მწვანე პასპორტი“ აქვს მოქალაქეს, რომელმაც გადაიტანა კორონავირუსი ნებისმიერ დროს, ჩატარებული აქვს ვაქცინაცია ორჯერადად, აქვს ნეგატიური PCR-ტესტი, ან ასევე ნეგატიური ანტიგენის სწრაფი ტესტი.

„მწვანე პასპორტებთან” დაკავშირებით ძალიან დიდი მოლოდინი არ მაქვს. აღსრულების მექანიზმი ქვეყნის ხელმძღვანელობისთვის არასაკმარისია, ისევე, როგორც არასაკმარისი იყო პირბადის ტარებაზე, ამიტომ არ მგონია, ამ პასპორტებმა ძალიან სერიოზული გარდატეხა შეიტანოს, მაგრამ ერთი ფაქტორი მაინც იქნება, რომელიც ხელს შეუწყობს ახალი შემთხვევების ზრდის შემცირებას და იქნება დამატებითი, ერთ-ერთი სტიმული იმისთვის, რომ მოსახლეობის უფრო მეტმა ნაწილმა გაიკეთოს აცრა.

რაც შეეხება კითხვას, თუ როგორ ვუყურებ იმას, რომ ყველა კოვიდგადატანილს „მწვანე პასპორტი“ ეძლევა, ამას კატეგორიულად ცუდად ვუყურებ. ეს საკოორდინაციო საბჭოს ძალიან სერიოზული შეცდომაა, რომ ყველა კოვიდგადატანილს თანაბრად აძლევს „მწვანე პასპორტს“ – კატეგორიულად ცუდად. კოვიდის გადატანიდან იმუნიტეტი 6 თვე გრძელდება. მათ, ვისაც კოვიდი ბოლო 6 თვეში აქვს გადატანილი, მათ უნდა მიეცეთ „მწვანე პასპორტი“, ასეა სხვა ქვეყნებში. საქართველოს ექნება ორი კოვიდ-პასპორტი, ერთი უცხოელებისთვის, სადაც ბოლო 6 თვის კოვიდი ჩაითვლება და მეორე, შიდა მოხმარებისთვის, სადაც ყველა კოვიდგადატანილი ჩაითვლება, ეს სწორი არ არის და იმედი მაქვს, ამას გამოასწორებენ“, – განაცხადა ცერცვაძემ.

20 ნახვა
desktop
mobile catfish