შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

იენს სტოლტენბერგი – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის შესახებ ნებისმიერი მუქარა მიუღებელია

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის შესახებ ნებისმიერი მუქარა მიუღებელია , – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ნატო აგრძელებს რუსეთისთვის მოწოდებას, უკან წაიღოს საქართველოს ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება.

“აქამდე შევხვედრილვართ, მაგრამ ეს პირველი შეხვედრაა თქვენთან, როგორც პრემიერ-მინისტრთან. გილოცავთ ამ პოზიციაზე დანიშვნას და თქვენთან ერთად მუშაობას ველით.

საქართველოს ნატოს ახლო პარტნიორია და ჩვენ სრულიად ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ნატო აგრძელებს რუსეთისთვის მოწოდებას, უკან წაიღოს საქართველოს ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის შესახებ ნებისმიერი მუქარა მიუღებელია”, – აღნიშნა მან.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ისაუბრა უკრაინის მხარდაჭერაზეც.

„ამ კვირას რუსეთის მიერ უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის მეორე წლისთავია. უკრაინის გასვლა ავდეევკადან აჩვენებს, რომ ბრძოლის ველზე ვითარება უკიდურესად რთულია, მაგრამ უკრაინელებმა მოლოდინებს გადააჭარბეს კიდევ ერთხელ. ნატო აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას. მხოლოდ ბოლო დღეების განმავლობაში მოკავშირეებმა მილიარდობით ევროს ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტების შესახებ გამოაცხადეს, მათ შორის საჰაერო დაცვისთვის, საარტილერიო ჭურვებისთვის, და აღჭურვილობა F-16-ისთვის”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.