სასწრაფოდ უნდა მოხდეს ამ ადამიანების უპირობო გასახლება – სუბარი სანატორიუმ ქართლის შენობაში მცხოვრებ დევნილებზე

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა ყოფილი მინისტრის, სოზარ სუბარის განცხადებით, სანატორიუმ ქართლის შენობაში მცხოვრები დევნილები უპირობოდ უნდა გასახლდნენ.

“მართლა ნგრევადი ობიექტია და ძალიან მძიმე ბზარებია და მეორე, ძალიან მცირე ფართები აქვთ დევნილებს, ამიტომ, პრიორიტეტი უნდა იქნეს მინიჭებული, რომ სასწრაფოდ მოხდეს ამ ადამიანების უპირობო გასახლება. არა ქულებით, არამედ უპირობო გასახლება”, — განაცხადა სუბარმა.

სანატორიუმ ქართლის მაცხოვრებლების თქმით, შენობაში ახალი ბზარები გაჩნდა, ხოლო, ერთ-ერთი დევნილის სახლში ჭერი ჩამოინგრა. ისინი აღნიშნავენ, რომ ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის მიერ დასახლებაში მომხდარის “უბედური შემთხვევად” მოხსენიება არასწორია.

16 იანვარს, სანატორიუმ ქართლის შენობასთან დევნილი გარდაიცვალა. ადგილობრივების თქმით, ის სახურავიდან გადმოხტა და თვითმკვლელობის მიზეზი მათი მოთხოვნების შეუსრულებლობაა. სანატორიუმის ყოფილ შენობაში მცხოვრები დევნილები საცხოვრებელ პირობებს აპროტესტებენ. მათი განცხადებით, შენობა ავარიულია და საცხოვრებლად საშიში. რამდენიმე კვირაა პასუხისმგებელ პირებთან, მათ შორის ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ. საქმეზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

17 იანვარს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომ სანატორიუმ ქართლში მომხდარი ფაქტი “უბედური შემთხვევაა” და ის დევნილთა პრობლემებს არ უნდა დაუკავშირონ.

46 ნახვა
desktop
mobile catfish