შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

მაია ბითაძე – 2 წელში სავალდებულო იქნება, რომ ცხოველის ყიდვის შემთხვევაში გავიაროთ სწავლება, როგორ მოვეპყროთ ძაღლს – უნდა შეიქმნას სერტიფიცირების სისტემა

2 წელში სავალდებულო იქნება, რომ ცხოველის ყიდვის შემთხვევაში გავიაროთ სწავლება, როგორ მოვეპყროთ ძაღლს,- ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, მაია ბითაძემ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა, სადაც „შინაურ და ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტს განიხილავენ.

მისივე თქმით, ქვეყანაში უნდა შეიქმნას სერტიფიცირების სისტემა, რომელიც კანონის მიღებიდან 2 წელში უნდა ამოქმედდეს.

„დღეს რატომღაც ერთმანეთს ვეჯიბრებით, ვინ უფრო კარგი კინოლოგი, ძაღლთმცოდნე, ბიჰევიორისტია, ინბრიდინგი თუ ექსბრიდინგი იცის. მეგობრებო, მე არ მაქვს პრეტენზია, რომ კინოლოგი ვარ, მე ვარ ერთი ადამიანი, რომლის ძაღლი თავის დროზე არასწორად გაწვრთნეს და ამიტომ მაქვს დიდი პრობლემები. ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში უნდა შეიქმნას სერტიფიცირების სისტემა, რომელიც კანონის მიღებიდან 2 წელში უნდა ამოქმედდეს. ეს სისტემა ჩვენს კეთილსინდისიერ კინოლოგებს და ფერინოლოგებს საშუალებას მისცემს, რომ ტრენინგკურსები, რომელსაც ახლაც ახორციელებენ სერტიფიცირების ერთიან სისტემაში მოაქციონ, აიმაღლონ თავიანთი სტატუსი და ჩვენთვის, ყველასთვის, 2 წელში სავალდებულო იქნება, რომ ცხოველის ყიდვის შემთხვევაში გავიაროთ სწავლება, როგორ მოვეპყროთ ძაღლს და როგორ ვეცადოთ, რომ ძაღლი არ გახდეს აგრესიული, რადგან შესაძლებელია შპიციც კი აგრესიული გავხადოთ, თუ არასათანადოდ გავზრდით. ეს შესაძლებელია მივამგვანოთ ადამიანს, რომელიც ისეთი იზრდება, რა პირობებშიც გაზრდიან,“ – განაცხადა ბითაძემ.