კარასინი თბილისის ნაბიჯებს იწონებს – “შეუმჩნეველი არ დარჩება”

მოსკოვში 24 მარტს გორჩაკოვის ფონდისა და პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული  საზოგადოებრივი ცენტრის ორგანიზებით ქართულ-რუსული საექსპერტო ფორმატის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ფონდის ცნობითვე, 40-მდე ექსპერტი, პოლიტოლოგი, მეცნიერი და ქართული დიასპორის წარმომადგენელი მონაწილეობდა. მათ შორის, ქართულ მხარეს წარმოადგენს დიმიტრი ლორთქიფანიძე, პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელი.

როგორც გორჩაკოვის ფონდის ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, მონაწილეებს შეხვდა რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარე გრიგორი კარასინი, რომელმაც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე ისაუბრა.

კარასინის განცხადებით, მხარეებმა უკანასკნელ წლებში მიაღწიეს იმას, რომ რუსეთი რიგით მეორე სავაჭრო პარტნიორი გახდა საქართველოსთვის.

ამასთან, კარასინმა რუსეთისთვის დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციებზე საქართველოს რეაქციას “გაწონასწორებული” უწოდა და თქვა, რომ ეს ფაქტი “შეუმჩნეველი არ დარჩება”.

“ის, ვინც ჩვენს მიმართ პატიოსნად იქცევა და ღიად გველაპარაკება, ჩვენს მეგობრად რჩება”.

შეხვედრის დროს კარასინი ჟენევის დისკუსიების მნიშვნელობის საკითხსაც შეეხო და იმედი გამოთქვა, რომ განახლდება ეს შეხვედრები, როგორც ერთადერთი ფორმატი, სადაც მხარეები ერთმანეთს უშუალოდ ელაპარაკებიან. ამავე კონტექტსში, მოსკოვის ოფიციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ შედეგების მისაღწევად, უკომპრომისო პოზიციებზე უარის თქმაა საჭირო.

ქართულ-რუსული შეხვედრები, ოფიციალური ინფორმაციით, დღეს, 25 მარტსაც გრძელდება.

367 ნახვა
desktop
mobile catfish