შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

პრეზიდენტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს ვეტოს დაადებს

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის გიორგი მსხილაძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს ვეტოს დაადებს.

მისი თქმით, პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დააყენეს საკითხი, რომ აღნიშნული კანონპროექტი არ დარეგისტრირებულიყო და შეწყვეტილიყო მასზე საუბარი, “რისი პირობაც შარშან დაიდო”.

“ყველამ იხილეთ, რა რეაქცია მოჰყვა უმრავლესობის მიერ აღნიშნული კანონის ინიცირებას. ამას გამოეხმაურა როგორც ევროკავშირი, ასევე ნატო-ს გენერალური მდივანი, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, ამერიკის შეერთებული შტატები, რომელთაც აღნიშნეს, რომ ამ კანონის მიღება ხელს შეუშლიდა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, შესაბამისად, ჩვენ ბიუროზე მოვითხოვეთ, რომ აღნიშნული კანონპროექტი საერთოდ არ გატარებულიყო რეგისტრაციაში, რათა არ დაწყებულიყო აღნიშნული კანონპროექტის კომიტეტებში განხილვა. ზოგადად, შეწყვეტილიყო ამ კანონზე საუბარი, რისი პირობაც შარშან დაიდო, რომ აღნიშნული კანონი პარლამენტში აღარ დაბრუნდებოდა. პრეზიდენტი, რა თქმა უნდა, გამოიყენებს თავის კონსტიტუციურ უფლებას და აღნიშნულ კანონს ვეტოს დაადებს”,- განაცხადა მსხილაძემ.