შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

სუს-ი – საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული ირაკლი კვარაცხელიას, დავით ბაშარულის, არჩილ ტატუნაშვილისა და გიგა ოთხოზორიას საქმეებზე სამართლის აღუსრულებლობა დაუსჯელობის სინდრომს ქმნის და დანაშაულებრივ ქმედებებს ახალისებს

ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების მკვლელობებთან დაკავშირებით სამართლის აღუსრულებლობა დაუსჯელობის სინდრომს ქმნის და ახალისებს დანაშაულებრივ ქმედებებს,- ამის შესახებ სუს-ის 2023 წლის ანგარიშშია აღნიშნული.

როგორც სუს-ის ყოველწლიურ ანგარიშშია ნათქვამი, 2023 წელს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით უკანონოდ დააკავეს 37, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით – 26 პირი.

ანგარიშში ასევე ხაზგასმულია ის, რომ გასული წლის ნოემბერში რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის/ების საოკუპაციო ხაზთან ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობების შედეგად საქართველოს მოქალაქის თამაზ გინტურის მკვლელობის შემდეგ, უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება განსაკუთრებით დამძიმდა და გართულდა.

„საანგარიშო პერიოდში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება განსაკუთრებით დამძიმდა და გართულდა 2023 წლის ნოემბერში, როდესაც რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენელმა/ებმა საოკუპაციო ხაზთან ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობების შედეგად მოკლეს საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური. საანგარიშო პერიოდში ოკუპაციის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის კიდევ ერთი ფაქტი დაფიქსირდა. ოკუპირებული ქალაქ სოხუმის საავადმყოფოში გარდაიცვალა ვიტალი (თემურ) კარბაია, ოკუპირებულ გალის „დროებით მოთავსების იზოლატორში“ მიღებული ფიზიკური დაზიანებების გამო. ზემოაღნიშნულის პარალელურად, საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში დაღუპული ირაკლი კვარაცხელიასა და დავით ბაშარულის, ასევე, საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული არჩილ ტატუნაშვილისა და გიგა ოთხოზორიას საქმეების მიმართ ადგილზე სამართლის აღსრულება კვლავ შეუძლებელი იყო. არსებული მოცემულობა ოკუპირებულ რეგიონებში დაუსჯელობის სინდრომს ქმნის და ახალისებს დანაშაულებრივ ქმედებებს. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება განაგრძობდა, სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატში, დამნაშავეთა მიმართ სამართლის აღსრულების საკითხის მოთხოვნას“,- აღნიშნულია ანგარიშში.

ამასთან, როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, საანგარიშო პერიოდში ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით უკანონოდ დააკავეს 37, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით – 26 პირი.

„2023 წლის დასასრულს უკანონო პატიმრობაში საქართველოს 8 მოქალაქე იმყოფებოდა. თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვისა და საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებაზე ზეწოლის მიზნით, საოკუპაციო ძალა აქტიურად განაგრძობდა უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს. 2024 წელს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით დაფიქსირდა უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის 39, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით – 3 შემთხვევა. გაგრძელდა უკანონო აქტივობები: გაივლო ახალი და განახლდა ძველი მავთულხლართები და ღობეები, მოეწყო ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო ხნულები და მიწათხრილები. უკანონოდ აღიმართა ე.წ საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები და საგუშაგოები. დაფიქსირდა საოკუპაციო ხაზზე სათვალთვალო კამერებისა და გადაადგილების დეტექტორების დაყენების ფაქტებიც. გარდა ამისა, გამოწვევას წარმოადგენდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის მიზანმიმართული დისკრიმინაცია. ადგილობრივ მოსახლეობას არ ეძლეოდა მშობლიურ ენაზე განათლების მიღების საშუალება. აქტიურად ტარდებოდა რეგიონების რუსიფიკაციისა და მოსახლეობის ეთნიკური იდენტობის შეცვლის, მათი ასიმილაციისკენ მიმართული პოლიტიკა. კვლავ გრძელდებოდა ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველი მოსახლეობის ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ქონებრივი უფლებების შეზღუდვა და უკან დაბრუნების გამორიცხვის მიზნით, მათი სახლების განადგურება. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პარლამენტმა ცვლილებები შეიტანა „სამოქალაქო მდგომარეობის აქტების“ შესახებ, რომელიც მათ შორის, მიზნად ისახავდა ოკუპირებული გალის რაიონის ქართული მოსახლეობის ეთნიკური იდენტობის შეცვლას“,- აღნიშნულია სუს-ის ანგარიშში.