შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

III კვარტალში ყველაზე მეტი საზღვრის კვეთა რუსეთთან დაფიქსირდა – შსს

2023 წლის მესამე კვარტალში საქართველოში საზღვრის კვეთების რაოდენობამ ჯამში 7 180 916 შეადგინა. შსს-ის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, კვეთების 76% უცხოელებზე მოდიოდა, ხოლო 24% ადგილობრივებზე.

საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების მონაცემების მიხედვით, ივლისში, აგვისტოსა და სექტემბერში სულ 2 689 306 შემოსვლა და 2 734 526 გასვლა დაფიქსირდა. ორივე მაჩვენებელი გასული წლის რიცხვებს აღემატება. შედარებისთვის გეტყვით, რომ 2022 წლის III კვარტალში უცხო ქვეყნის მოქალაქეების 2 267 523 შემოსვლა, 2 238 635 კი გასვლა დაფიქსირდა.

თუმცა 2023 წლის მესამე კვარტალში უცხო ქვეყნების მოქალაქეების შემოსვლებისა და გასვლების რაოდენობა 2019 წლის მონაცემებს მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება. კონკრეტულად შემოსვლების რაოდენობა 16.5%-ით ნაკლებია, ხოლო გასვლები 16.2%-ით.

III კვარტალში ყველაზე მეტი საზღვრის კვეთა რუსეთის ფედერაციიდან დაფიქსირდა, შესაბამისად, რუსეთმა უმსხვილეს ქვეყნებს შორის ამ მაჩვენებლებით პირველი ადგილი დაიკავა.

საზღვრის კვეთის მიხედვით TOP-10 მიმართულების რეიტინგი ასეთია:

  • რუსეთი: შემოსვლა – 766 278, გასვლა – 780 514;
  • თურქეთი: შემოსვლა – 551 107, გასვლა – 553 600;
  • სომხეთი: შემოსვლა – 451 809, გასვლა – 452 526;
  • ევროკავშირის ქვეყნები: შემოსვლა – 181 170, გასვლა – 182 244;
  • ისრაელი: შემოსვლა – 90 269, გასვლა – 89 921;
  • ყაზახეთი: შემოსვლა – 83 882, გასვლა – 84 948;
  • ბელარუსი: შემოსვლა – 77 570, გასვლა – 82 151;
  • აზერბაიჯანი: შემოსვლა – 74 301, გასვლა – 74 443;
  • უკრაინა: შემოსვლა – 65 408, გასვლა – 67 029;
  • საუდის არაბეთი – 56 716, გასვლა – 60 693.

აღნიშნულ პერიოდში შემოსვლების საერთო რაოდენობიდან 1 670 541 იმ შემოსვლებზე მოდის, რომლებიც ქვეყანაში 24 საათზე მეტ ხანს გაჩერდნენ, ტრანზიტით სულ 464 445 შემოსვლა, 24 საათამდე კი 544 320 შემოსვლა დაფიქსირდა.