იმ სამი მოსამართლის პოზიცია, რომელმაც პლენუმის გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირა, დღეს გამოქვეყნდება. თეიმურაზ ტუღუშმა, გიორგი კვერენჩხილაძემ და ირინა იმერლიშვილმა განსხვავებული მოსაზრება დააფიქსირეს. სამიდან მხოლოდ ერთმა, ირინა იმერლიშვილმა გააკეთა განმარტება და თქვა, რომ სამივე მოსამართლეს ერთი და იგივე პოზიცია აქვს და ისინი საკონსტიტუციო სასამართლოს ძირითადი შემადგენლობის გადაწყვეტილებას არ იზიარებენ.
“სამივეს გვაქვს ერთი განსხვავებული აზრი. პოლიტიკური განცხადებების გაკეთების თავისუფლება აქვთ პოლიტიკოსებს, მაგრამ მოსამართლე უნდა მსჯელობდეს მხოლოდ სამართლებრივი არგუმენტებით.
სამარცხვინო გადაწყვეტილებას მე ვერავის ვუწოდებ, ვერც ექვს მოსამართლეს, ვერც სამ მოსამართლეს და საერთოდ, ასეთი ტიპის შეფასებები მოსამართლის მხრიდან მგონია, რომ ნამდვილად არასწორია, არაკორექტულია მისი კოლეგების მიმართ და კანონის ფარგლებში არანაირად არ ჯდება. მე გეუბნებით მოსამართლის მხრიდან, თორემ პოლიტიკოსებს, ცხადია, ამის შესაძლებლობა, ფუფუნება, როგორც გნებავთ, დაარქვით, აქვთ. პოლიტიკურ განცხადებებს გააკეთებენ ისინი, თუმცა სასამართლოსთან მიმართებით ვფიქრობ, ჯობია, სამართლებრივი არგუმენტებით ისაუბროს ყველამ, მათ შორის პოლიტიკოსებმაც,” – აღნიშნა ირინა იმერლიშვილმა.
კითხვაზე, დაარღვია თუ არა სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია, ირინა იმერლიშვილმა განაცხადა: “რადგან განსხვავებულ აზრზე ვართ, ესე იგი, არ ვეთანხმებით ხომ დასკვნას.”
ეს არ არის ერთადერთი საქმე, სადაც თეიმურაზ ტუღუშს, გიორგი კვერენჩხილაძეს და ირინა იმერლიშვილს პლენუმისგან განსხვავებული მოსაზრება ჰქონდათ. მათ განსხვავებული პოზიცია გამოაქვეყნეს ასევე სხვა რეზონანსულ საქმეებზეც, მათ შორის “რუსთავი 2-ის, “ნიკა მელიას და დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეებზე.