თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის მასშტაბით დაახლოებით 10 ათასი ავარიული შენობა-ნაგებობაა.
როგორც მან თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განმარტა, თბილისის მერიას დაწყებული აქვს ამ მიმართულებით პროგრამა და მოსახლეობას იმ ზომის ფართის ახალი საცხოვრებელი გადაეცემა, რომელსაც ფლობს.
„ჩვენ დავპირდით დედაქალაქის მოსახლეობას, რომ წარვუდგენდით პროგრამას, რომელიც მოგვეხმარებოდა ავარიული სახლების ჩანაცვლებაში. სამწუხაროდ, დედაქალაქში ბევრი ასეთი შენობა-ნაგებობა გვაქვს, რომელსაც ავარიულობის სხვადასხვა კატეგორიის სტატუსი აქვს მინიჭებული. 10 ათასამდე ასეთი შენობაა. მნიშვნელოვანია, რომ მუნიციპალიტეტმა დაიწყოს აღნიშნული კორპუსების ჩანაცვლება და გამაგრებით არ შემოიფარგლებოდეს იმიტომ, რომ ძალიან ბევრი შემთხვევა ფიქსირდება, როცა რეაბილიტირებული, გამაგრებული სახლები გარკვეული წლების შემდეგ ისევ ავარიული ხდება და ეს რა თქმა უნდა, უდიდესი პრობლემაა. ეს ძალიან დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული და იმ მცხოვრები ადამიანებისთვის საფრთხეს წარმოადგენს. შესაბამისად, ჩვენ საზოგადოებას წარვუდგინეთ კონკრეტული პროგრამა, რომლითაც შესაძლებელია ასეთი საცხოვრებელი კორპუსების ჩანაცვლება ახალი თანამედროვე საცხოვრებელი ფართებით“,-განაცხადა კალაძემ.
მან აღნიშნა, რომ თბილისის მერია ახორციელებს ახალ პროექტს, რომლის თანახმად, სამგორის რაიონში, ჭიჭინაძის ქუჩაზე მდებარე ავარიული საცხოვრებელი კორპუსის დემონტაჟი მოხდება და მის ნაცვლად, ახალი, თანამედროვე საცხოვრებელი აშენდება.
„ეს ადამიანები ქირით გვყავს გაყვანილი, არაფერს იხდიან. მუნიციპალიტეტი ყველა ხარჯს თავის თავზე იღებს. 26 ოჯახს ყველანაირად გარემონტებული და მოწესრიგებული ახალი საცხოვრებელი ფართები გადაეცემა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ როდესაც ხდება მოსახლეობასთან მოლაპარაკებები, მათი მხრიდან არის უფრო მეტი ფართის მიღების მოთხოვნა, რაც შეუძლებელია. მუნიციპალიტეტი ამას ვერ გააკეთებს. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ის კონკრეტული ფართი მივცეთ ავარიულ სახლში მცხოვრებ ადამიანებს, სადაც ისინი ცხოვრობენ. ზედმეტი ფართის მოცემა არ შეგვიძლია და ამის უფლება არ გვაქვს. ხშირია შემთხვევა, როდესაც ამის გამო ბევრ პროექტის შეჩერება ხდება. არიან ისეთი ადამიანები, ვინც ამას ითხოვს“,-განაცხადა კალაძემ.
მისივე თქმით, თბილისის მერიასა და მოსახლეობას შორის კარგი თანამშრომლობის მაგალითებიც არსებობს და ბევრი პროექტი უკვე დაწყებულია.
„ბევრ ოჯახს დავეხმარებით და გავახარებთ. მე არც იმის ილუზია არ მაქვს, რომ ერთი და 2 წლის განმავლობაში 10 ათასივე ავარიული შენობა-ნაგებობის ჩანაცვლება იქნება შესაძლებელი, მაგრამ მთავარი არის ის, რომ პროგრამა და პროექტი არსებობს და ამით შესაძლებელია მომდევნო წლებში პერიოდულად მოხდეს ავარიული სახლების ჩანაცვლება“,-განაცხადა კალაძემ.