ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) ახალ სოციოლოგიურ კვლევას აქვეყნებს, რომელიც 2023 წლის ოქტომბრის მდგომარეობით მოქალაქეთა პოზიციებს ასახავს. NDI-მ მოქალაქეებს ჰკითხა თუ რა თანხა იქნებოდა საკმარისი, რათა მათმა ოჯახმა კომფორტულად იცხოვროს.
საგულისხმოა გარემოება, რომ მოქალაქეებისთვის ეს კითხვა ღია არ იყო და მათ რამდენიმე არჩევანს შორის უნდა დაეფიქსირებინათ პოზიცია:
ა) 1000 ლარამდე – 7%;
ბ) 1001-2000 ლარამდე – 22%;
გ) 2001-3000 ლარი – 22%;
დ) 3001-4000 ლარი – 9%;
ე) 4001+ ლარი – 32%;
ვ) არ ვიცი – 6%;
ზ) უარი პასუხზე – 1%.
შესაბამისად, 3000+ ლარზე მეტს კომფორტულად ცხოვრებისთვის საკმარისად გამოკითხულთა 41% ასახელებს.
“თბილისში მცხოვრებლები ყველაზე ხშირად ამბობენ, რომ 4000 ლარზე მეტი სჭირდებათ, ხოლო სოფლებისა და ეთნიკური უმცირესობების დასახლებაში მცხოვრებთა უმეტესობის თქმით, კომფორტული ცხოვრებისთვის თვეში 2000 ლარის შემოსავალი ეყოფოდათ,”- ნათქვამია კვლევაში.
სოციოლოგიურ კვლევაში ყველაზე მეტი მოქალაქე წამყვან ეროვნულ პრობლემებს შორის უმუშევრობას; ინფლაციას და დაბალ ხელფასებს ასახელებს.
აღნიშნული ანგარიში 14 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). ოქტომბერში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,068 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2,2 პროცენტია.