“ამ შეთანხმებას ომითა და უბედურებით მივაღწიეთ” – მეუბნება არქიტექტურის ისტორიკოსი მარინა ხატიაშვილი, რომელიც 1 თვის წინ საკუთარი ბინიდან გამოასახლეს. 23 თებერვალს მარინა ხატიაშვილმა სახლი გამოისყიდა, კერძო იპოთეკარს 90 000 დოლარი გადაუხადა, რაზეც გამოსახლების შემდეგ გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ.
შეთანხმება ხატიაშვილსა და კერძო იპოთეკარს შორის გამოსახლების მეორე დღეს, 24 იანვარს შედგა. 90 000 დოლარის გადახდისთვის 1-თვიანი ვადა განისაზღვრა. მარინა ხატიაშვილი მაშინ ამბობდა, რომ უკვე ჰქონდა 70 000 დოლარი, რომლის საფუძველზე მოლაპარაკებას ჯერ კიდევ გამოსახლებამდე სთავაზობდა იპოთეკარს. დარჩენილი 20 000 დოლარის შეგროვება მან ერთ თვეში, როგორც ამბობს, მეგობრების წყალობით მოახერხა. შეგახსენებთ, რომ 24 იანვარს კეკელიძის ქუჩაზე მდებარე ბინიდან მარინა ხატიაშვილის გამოსახლებას პროტესტი მოჰყვა. მის მხარდასაჭერად მისულ მოქალაქეებსა და აღსრულების ბიუროს პოლიციას, ასევე საპატრულო პოლიციას შორის მოხდა დაპირისპირება, რა დროსაც პოლიციამ 20 ადამიანი დააკავა (მათ შორის იყვნენ გიორგი ხასაია და აკაკი ჩიქობავა, რომლებიც 3 თებერვალს გირაო სანაცვლოდ გაათავისუფლეს).
AMBEBI.GE მარინა ხატიაშვილს ესაუბრა:
“ყველამ ნახა, რომ ამ შეთანხმებას ომითა და უბედურებით მივაღწიეთ, ეტყობა ხელისუფლება შეწუხდა და წინასაარჩევნო წელს გადაწყვიტა, იპოთეკარი ეიძულებინა, თანხა აეღო. გამოსახლების წინა დღით ის მოლაპარაკებაზე კატეგორიულ უარს ამბობდა. ჩვენ 70 ათასს ვიხდიდით, დანარჩენ 20 ათასს ჩემმა მეგობრებმა მოუყარეს თავი – გარდა იმისა, რომ ამ ხალხმა ჩემთან ერთად ამხელა ომი გამოიარა, თავი გადადო, მეგობარმა გალერისტებმა აუქციონი ჩაატარეს, ნამუშევრები გაყიდეს და შეგროვილი თანხა გადმომცეს. მგონია, რომ იპოთეკარის დაყოლიებაში, რაც თითქმის არ ხდება ხოლმე, დიდი როლი ითამაშა ახალგაზრდების თავგანწირულმა ბრძოლამ, იმანაც, რომ მეც უკან არ დავიხიე და მთელს მსოფლიოს ვაჩვენე, რა ჩაიდინეს.
როგორც ჩანს, მაინც შიგნით მოხდა რაღაც ისეთი, რომ არ აწყობდათ, ამ საქმეს უფრო მწვავე ხასიათი მიეღო. თან ეს ყველაფერი იყო დიდი კანონდარღვევით გაკეთებული და, რა თქმა უნდა, აღსრულების სამსახურის წინააღმდეგ სარჩელიც შევიტანეთ, ვინაიდან ეს იყო პოლიციური გამოსახლება, რაც კანონით 2015 წლიდან აკრძალულია. სახლი ისეთ დღეშია, არ იცხოვრება, ნაგვის გორები დგას, იქ დაცვა ჰყავდათ შეშვებული, რომელიც რასაც ჭამდა, იქვე ყრიდა. შაბათს შევედით სახლში, ერთ-ერთმა მედია საშუალებამ ჩამწერა და კატასტროფა დამხვდა – სახლი დარბეულია და ნაგვით სავსე, რომელშიც არ იცხოვრება. ჯერ-ჯერობით, მეგობართან ვცხოვრობ, ბინის მოწესრიგებას დრო დასჭირდება… იხილეთ სრულად