შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

ლევან იოსელიანი – პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების მიმართულებით სახალხო დამცველის აპარატმა მთელი რიგი ხარვეზები გამოავლინა – ბევრი საკითხია, რომელიც მსჯავრდებულის უფლებებზე უარყოფით გავლენას ახდენს

სახალხო დამცველის აპარატმა 200 საქმე შეისწავლა და მთელი რიგი ხარვეზები გამოავლინა. ბევრი საკითხია, რომელიც მსჯავრდებულის უფლებებზე უარყოფით გავლენას ახდენს, რომელიც პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლებას ეხება, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.

ლევან იოსელიანის თქმით, ანგარიშში, რომელიც ავადმყოფობის ან ორსულობის დროს მსჯავრის გადავადებას ეხება, ბევრი პრობლემა იკვეთება როგორც გადაწყვეტილებების მიღების, ისე სასამართლო ექსპერტიზის დანიშვნის დროს.

“ძალიან მნიშვნელოვანი კვლევის პრეზენტაცია გვაქვს დღეს, რომელიც ხანდაზმულობის, ავადმყოფობის ან ორსულობის პირობებში, მსჯავრის გადავადებას ან გათავისუფლების საფუძვლებს ეხება. სახალხო დამცველის აპარატმა 200 საქმე შეისწავლა და მთელი რიგი ხარვეზები გამოავლინა როგორც გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, ისე მის შინაარსთან დაკავშირებით. ეს კვლევა როგორც პენიტენციურ სამსახურს, ისე სასამართლოს დაეხმარება იმ ხარვეზების ინდენტიფიკაციასა და გამოსწორებაში, რომელიც ვადამდე პირობით გათავისუფლებასთან დაკავშირებით არსებობს.

ასევე, გადაწყვეტილებების მიღების დროს, არაერთგვაროვანი პრაქტიკა არსებობს. სასამართლო ექსპერტიზის დანიშვნის ვადები და მისი მომზადების ხანგრძლივობა, რომელიც საქმიდან გამომდინარე სხვადასხვანაირია. ბევრი საკითხია, რომელიც მსჯავრდებულის უფლებებზე უარყოფით გავლენას ახდენს, რომელიც პირობით, ვადამდე ადრე გათავისუფლებას ეხება. ეს კვლევა მოცულობითია, რომელიც სასამართლოსა და იუსტიციის სამინისტროს დაეხმარება, რომ ეს მექანიზმები სრულყოფილი გახდეს”, – განაცხადა ლევან იოსელიანმა ღონისძიების დაწყებამდე.

რაც შეეხება კონკრეტულ ხარვეზებს, როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით ვლინდება შემდეგი ნაკლოვანებები:

“სახალხო დამცველის აპარატმა ანგარიში 194 მსჯავრდებულის საქმის შესწავლისა და მომწესრიგებელი კანონმდებლობის გაანალიზების საფუძველზე მოამზადა.

გამოვლინდა, რომ არ არსებობს მთელი რიგი რეგულაციები, რომელიც ნათელს გახდიდა საშეღავათო მექანიზმებით სარგებლობის პროცედურებს. კერძოდ:

სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნების ხანდაზმულობის გონივრული ვადები;

შუამდგომლობები ხშირად დაუსაბუთებელია;

ვლინდება სასამართლო ქვემდებარეობის ხარვეზები;

სასამართლო პრაქტიკა რიგ შემთხვევებში არაერთგვაროვანია;

არ არსებობს საკანონმდებლო რეგულაცია, რომელიც სააპელაციო სასამართლოში ზეპირი მოსმენის გამართვის შესაძლებლობას დაადგენდა და იმ მტკიცებულების განხილვის პროცედურას გაწერდა, რომელიც პირველი ინსტანციის სასამართლოში შუამდგომლობის განხილვის დროს კანონის დარღვევით იყო გამოკვლეული;

კანონმდებლობა არ იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ სასამართლომ დაადგინოს სამედიცინო ექსპერტიზის განმეორებით ჩატარებისა და დასკვნის წარდგენის განსხვავებული ინტერვალი, იმ შემთხვევაშიც კი, თუ პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ გამოჯანმრთელების პერსპექტივა არ არსებობს;

არ არსებობს რეგულაცია, რომელიც უფლებას მისცემდა იმ პატიმარს, რომელსაც განაჩენის აღსრულება გადავადებული აქვს, დამატებით მიმართოს სასამართლოს ასაკის ან ჯანმრთელობის გამო სასჯელისგან სრულად გათავისუფლების შუამდგომლობით;

მუდმივმოქმედი კომისიისთვის მსჯავრდებულის/მისი ადვოკატის მიერ მიმართვის პროცედურები ბუნდოვანია.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ ასევე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე შალვა თადუმაძე და სპეციალური პენიტენციური სამსახურის უფროსი ნიკა ცხვარაშვილი.

პატიმრებისთვის არსებული საშეღავათო მექანიზმების ფუნქციონირების გაუმჯობესების მიზნით, სახალხო დამცველი აქტიურად გააგრძელებს მუშაობას ყველა რელევანტურ უწყებასთან”, – წერია სახალხო დამცველის ანგარიშში.