შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

მამუკა მდინარაძე – „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს მუხლები ვიღაცის ხელის მოსათბობად და სათაღლითოდ არ დაემატება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს მუხლები „ვიღაცის ხელის მოსათბობად და სათაღლითოდ არ დაემატება“.

როგორც მან კანონპროექტის განხილვისას, პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე განაცხადა, კანონპროექტს მუხლები მხოლოდ მყარი არგუმენტების შემთხვევაში შესაძლოა დაემატოს და არავითარ შემთხვევაში ეს შანტაჟით, შიმშილითა და პროტესტის სხვა ფორმით არ მოხდება.

„ამ ქალაქში აღმოჩნდა ხალხი, რომლებმაც გადაწყვიტეს ამნისტიის საკითხით ხელის მოთბობა. ყველას ვაფრთხილებ, ნურავინ გაეხვევა იმ ბოროტ თაღლითობაში, რაც ამნისტიაში რაღაც მუხლების ჩაწერის დაპირებაა და ვიღაცები ამით სარგებლობენ. მინდა „გირჩის“ წარმომადგენლებს მივმართო, ძალიან ბევრი საუბრობს იმასთან დაკავშირებით, რომ თქვენ ამ თემაზე შეგვევაჭრებით და რაღაც მუხლებს ჩაგვაწერინებთ. ეს ამბავი ციხეშიც ვრცელდება. შეიძლება ეს თქვენი ბრალი არაა. ყველას ვაფრთხილებ ამ თემაზე ასე ნუ ისაუბრებენ! მიმაჩნია, რომ დავუშვათ, გაუფრთხილებელი დანაშაულის შემთხვევაში, შეიძლება რაღაც საკითხები ჩავამატოთ კიდეც, ოღონდ აუცილებლად დაზარალებულის თანხმობით. არავითარ შემთხვევაში, ეს არ იქნება პოლიტიკური და სხვა სახის ვაჭრობის საგანი.

ყველას ვაფრთხილებ, თუ ვინმე ვინმეს აქეზებს, რომ ახლა შენ დაიწყე შიმშილობა და ამ მუხლს შეეხება, თუ ვინმეს უნდა, რომ რომელიმეს არ შეეხოს, ეს მხოლოდ ამ პროტესტის გამო მოხდება. ერთადერთი საფუძველი, რის გამოც შეიძლება შეიცვალოს, თუკი რაიმე მუხლს შეიძლება შეეხოს, ამისი ერთადერთი საფუძველი შეიძლება იყოს არგუმენტი, სამართლებრივი, მორალური და ა.შ. ნურავინ ითაღლითებს! თუკი რამე არ მოხდება, ვიღაცის ხელის მოსათბობად და სათაღლითოდ ამნისტიაში არცერთი პუნქტი არ დაემატება. თუ ვინმეს უნდა არგუმენტებით დაგვარწმუნოს, ეს მისაღებია, მაგრამ თუკი ვინმეს უნდა, რომ დაგვარწმუნოს, დაგვაშანტაჟოს, ან შიმშილობით ან პროტესტის რაიმე ფორმით, თუ კი გინდათ, რომ არ შეეხოს რომელიმე მუხლს, ამ ფორმით და ამ გზის გავლით არ შეეხება“, – განაცხადა მდინარაძემ.