შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

ნინო წილოსანი – ფიქრობენ, საკონსტიტუციო სასამართლოში რაც მეტი სარჩელი შევა, მედიასივრცეში გავა უკეთესი ჰედლაინი, თითქოს კანონს მასობრივად აპროტესტებენ

კანონის მომზადებიდან დღემდე ყველაფერი კეთდება, რომ გამჭვირვალობა მოშალონ. შესაბამისად, პიარულად მომგებიანია, რომ სასამართლოში საკონსტიტუციო სარჩელები შეიტანონ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.

წილოსანმა აღნიშნული კომენტარი გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ სალომე ზურაბიშვილის, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის კონსტიტუციურ სარჩელთან დაკავშირებით გააკეთა.

„გამჭვირვალობის კანონი რომ დემოკრატიის პრინციპების ანაბანას შეესაბამება, ეს არაერთხელ დადასტურებულა, მათ შორის გამჭვირვალობის აუცილებლობაზე მეტი და მეტი განცხადება კეთდება ევროპარლამენტში თუ ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანაში. დიდი ბრიტანეთის სამიტზე გადაწყვეტილება იყო მიღებული, რომ ევროკავშირს სჭირდება გამჭვირვალობის პრინციპების შემოღება არასამთავრობო სექტორთან მიმართებით. კანონის მომზადებიდან დღემდე ყველაფერი კეთდება, რომ გამჭვირვალობა მოშალონ. შესაბამისად, პიარულად მომგებიანია, რომ ახლა, ამ ეტაპზე სასამართლოში საკონსტიტუციო სარჩელები შეიტანონ. მათი აზრით, საკონსტიტუციო სასამართლოში რაც მეტი სარჩელი შევა, უკეთესი ჰედლაინი გავა მედიასივრცეში, რომ კანონს მასობრივად აპროტესტებენ. ალბათ კიდევ ერთხელ დავრწმუნდებით, რომ ეს ფეიკნიუსები არ ქმნის არც პოლიტიკას და არც ქვეყნების განწყობებს. არჩევნები დაადასტურებს, რომ ამ პრინციპის ამუშავებას ქართველი ხალხის მხრიდან მხარდაჭერა აქვს“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.