შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

პრეზიდენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად კახა წიქარიშვილი დანიშნა

საქართველოს პრეზიდენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად კახა წიქარიშვილი დანიშნა.

შესაბამისი განკარგულება სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამოსცა.

აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ბრიფინგზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ განაცხადა.

“იმედს ვიტოვებთ, აღნიშნული პრაქტიკა მომავალშიც გამოყენებული იქნება სასამართლო სისტემაში მოსამართლეთა შერჩევისთვის”, – განაცხადა გიორგი მსხილაძემ.

ცნობისთვის, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრობის კანდიდატის შერჩევის მიზნით, 2024 წლის 11 ივლისს საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით შექმნილმა კომისიამ გასაუბრება გამართა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის კანდიდატურის შესარჩევ კონკურსში მონაწილეებთან: მანუჩარ კაკოჩაშვილთან, გიორგი ბურჯანაძესთან, თამარ ალფაიძესთან, დიმიტრი გაბუნიასთან და კახა წიქარიშვილთან.

გასაუბრების შემდეგ კომისიამ კანდიდატები წინასწარ შემუშავებული და გასაჯაროებული კრიტერიუმების მიხედვით შეაფასა.

შესარჩევმა კომისიამ განცხადებით მიმართა საქართველოს პრეზიდენტს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად დანიშვნის მიზნით, რეკომენდაცია გაუწია გიორგი ბურჯანაძეს და კახა წიქარიშვილს.

შეგახსენებთ იმასაც, რომ პრეზიდენტი უფლებამოსილია დისკრეციულად შეარჩიოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად დანიშნოს კონკურსში მონაწილე ერთ-ერთი კანდიდატი, მათგან, ვინც აკმაყოფილებენ კანონით დადგენილ მოთხოვნებს. აღნიშნულის მიუხედავად, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით დამოუკიდებელი შესარჩევი კომისია შეიქმნა.

საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნულ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს უფლებამოსილების ვადა 2024 წლის 22 ივლისს ეწურება.