შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

საქართველოდან მოცვის ექსპორტმა 26 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა

მიმდინარე წლის 1-ლი მაისიდან 14 ივლისის ჩათვლით, საქართველოდან 4.5 ათასი ტონა მოცვის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 26.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული მოცვის მოცულობა 1.6 ათასი ტონით (56%-ით), ხოლო ღირებულება – 9.1 მლნ აშშ დოლარით (53%-ით) გაიზარდა.

„მოცვი, ძირითადად, ექსპორტირებულია: რუსეთში, გერმანიაში, პოლონეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, სომხეთში, ნიდერლანდებში, თურქეთში და სხვა ქვეყნებში.

აღსანიშნავია, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად უჭერს მხარს ლურჯი მოცვის ახალი ბაღების გაშენებას. სახელმწიფო პროგრამის – „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, 53.5 მლნ ლარის თანადაფინანსებით, 2.836 ჰა ფართობი მოცვის ბაღებია გაშენებული.

მიმდინარე წლის მოცვის ექსპორტის ღირებულება 2023 წლის ექსპორტის ჯამურ მაჩვენებელს უკვე 5.6 მლნ აშშ დოლარით აღემატება. რაც შეეხება ექსპორტის რაოდენობას – 2023 წელს საქართველოდან ექსპორტირებული იყო 3.4 ათას ტონა მოცვი“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.