1-ელი იანვრიდან საქართველოში 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი აიკრძალა. პრემიერ-მინისტრის განმარტებით, კანონის მიღების მიზეზი ჰაერის დაბინძურების მაღალი ხარისხია. ბიზნესის წარმომადგენლები რეგულაციის ამოქმედების გადავადებას ითხოვდნენ, თუმცა მთავრობამ ამაზე უარი თქვა. „ავტოიმპორტიორთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი, ალექსი ნონიაძე BM.GE-სთან საუბარში ამბობს, რომ განკარგულება გარკვეული დათქმებით შევიდა ძალაში.
„დათქმა არის ასეთი: ვინც 1-ელ დეკემბრამდე დატვირთა გემზე, ან ჩატვირთა კონტეინერში, მათთვის შეზღუდვები არ იმოქმედებს. ჩვენ ვითხოვდით, რომ შეზღუდვა არ გავრცელებულიყო მათზე, ვინც 1-ელ დეკემბრამდე შეიძინა ავტომობილი, თუმცა აქ გაჩნდა კიდევ ერთი საკითხი, რამდენად სარწმუნო იქნებოდა შესყიდვის დოკუმენტაცია, გამომდინარე იქიდან, რომ ყველაფერი ონლაინ ხორციელდება. შესაბამისად, ვინც 1-ელ დეკემბრამდე მოასწრო და ჩატვირთა გემზე ან კონტეინერზე, მათ შეღავათი შეეხებათ“, – განაცხადა ნონიაძემ.
ის იმ პრობლემებზე საუბრობს, რაც მისი თქმით, აღნიშნული ავტომობილების ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ დაიწყება.
„გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული ავტომობილების გაშვება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ექსპორტზე, და მათი სატრანსპორტო საშუალებად დატოვება შეუძლებელი იქნება, ფაქტიურად, ჰაერში დარჩება ეს ავტომობილები. კითხვის ნიშნის ქვეშ არის ასევე მათი ნაწილებად დაშლის საკითხი. ესეც იმ შემთხვევაშია გამოსავალი, რომ ზარალზე არ წავიდეს ავტომფლობელი, ან ავტოიმპორტიორი“, – ამბობს ნონიაძე.
კითხვაზე, გამომდინარე იქიდან, რომ რეგულაცია დიდი ხნის მიღებულია, რატომ არ გაითვალისწინა ბიზნესმა ეს, ნონიაძე პასუხობს, რომ კითხვა ლეგიტიმურია და ამის შესახებ ასოციაცია აფრთხილებდა როგორც ბიზნესს, ისე ხელისუფლებას, რომ რეგულაციის ამოქმედება პრობლემებს გამოიწვევდა.
„ასეა მუდამ, ვიდრე ბოლომდე არ მივა საქმე, არავინ თვლის რისკებს. ახლაც ყველას ვაფრთხილებთ, რომ პრობლემები იქნება, მაგრამ გვპასუხობენ, რომ „ვნახოთ“. კი ბატონო, ვნახოთ. სამწუხაროდ, ბიზნესიც ასეთ დამოკიდებულებაშია და მთავრობაც“, – განმარტავს ნონიაძე.