2023 წელს საქართველოში 7.1 მლნ საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაური შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 0.3%-ით მეტია. მათივე ცნობით, აღნიშნული რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 6.2 მილიონი შეადგინა, რაც 31.2%-ით მეტია 2022 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ტურიზმის სტატისტიკურ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, გასულ წელს განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 12.9 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 20.5%-ით მეტია. გაწეული ხარჯების ჯამური ზრდის მიუხედავად, თითო ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2022 წელთან შედარებით 8.1%-ით შემცირდა და 2 097.4 ლარი შეადგინა.
გასული წლის განმავლობაში ვიზიტორები, ყველაზე მეტს განთავსებაზე, ყველაზე ნაკლებს კი ადგილობრივ ტრანსპორტზე ხარჯავდნენ:
- განთავსება – საშუალო ხარჯი ვიზიტზე 763.6 ლარი;
- საყიდლები – საშუალო ხარჯი ვიზიტზე 490.3 ლარი;
- საკვები და სასმელი – საშუალო ხარჯი ვიზიტზე 453.3 ლარი;
- გასართობი, გამაჯანსაღებელი, კულტურული და სპორტული ღონისძიებები – საშუალო ხარჯი ვიზიტზე 210.8 ლარი;
- ადგილობრივი ტრანსპორტი – საშუალო ხარჯი ვიზიტზე 152.9 ლარი.
უწყების ცნობით, 2023 წელს განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 5.4 ღამე შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე (6.2 ღამე) 13.6%-ით ნაკლებია.
რაც შეეხება გეოგრაფიას, არარეზიდენტი ვიზიტორების 33.3% გასულ წელს თბილისს ესტუმრა, 29.9% აჭარას, 12.2% მცხეთა-მთიანეთს, 5.7% ქვემო ქართლს, 5.4% სამცხე-ჯავახეთს, 5.2% იმერეთს, 3.7% კახეთს. სხვა რეგიონები კი, ჯამურად 4.6%-მა მოინახულა.
აღსანიშნავია, რომ განხორციელებული ვიზიტების 72.8% წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათისაა.
შეგახსენებთ, ტურიზმის ადმინისტრაციას ოფიციალური მონაცემები ამ დრომდე არ გამოუქვეყნებია. უწყებაში ამბობენ, რომ სტატისტიკა მომავალ კვირაში გამოქვეყნდება.