საქართველოში ისრაელიდან ბოლო 15 დღის მანძილზე 15 000-ზე მეტი მოქალაქე ჩამოვიდა, - ამის შესახებ ისრაელში საქართველოს ელჩმა, ლაშა ჟვანიამ „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა.
მისი თქმით, თბილისის მიმართულებით პირდაპირ რეისებს ისრაელის სამი კომპანია ასრულებს.
„დღეიდან „ჯორჯიან ეარვეისი“ აღარ ახორციელებს პირდაპირ რეისებს, თუმცა დაამატა რეისები ლარნაკიდან თბილისის მიმართულებით. ყოველდღიურად არის ლარნაკიდან თბილისის მიმართულებით რეისები და გარდა ამისა, არის პირდაპირი რეისები, რომელსაც ახორციელებს ისრაელური კომპანიები - „ელალი“, „ისრეარი“ და „აირკია“.
აეროპორტის დაკეტვასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია აბსოლუტურად უსაფუძვლოა. აეროპორტი ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებს, უბრალოდ მთელი რიგი საერთაშორისო ავიაკომპანიები, რომლებსაც სადაზღვევო კომპანიებმა საომარი მოქმედებების გამო შეუჩერეს დაზღვევა ვეღარ ახორციელებენ ფრენებს, თუმცა დღეს თბილისის მიმართულებით 2 ფრენა არის, ხოლო ლარნაკის მიმართულებით უკვე 10 რეისი განხორციელდა. ძირითადად ეს რეისები სავსე არ არის, ანუ მოთხოვნა შედარებით ნაკლებია, ვიდრე რეისები, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში გადავსებული იქნებოდა რეისები. ვისაც სურვილი აქვს ისრაელის დატოვების ტოვებს ისრაელს, ვისაც სურვილი აქვს რჩება. აქ პრობლემაა ისიც, რომ პრაქტიკულად 3 კვირაა სამუშაოები არ არის და ისინი ვინც ისრაელში სამუშაოდ არიან ჩამოსულები, სამი კვირა უმუშევრობა საკმაოდ აწვებათ კისერზე და ამიტომ ურჩევნიათ, რომ გაემგზავრონ, რადგან მათთვის არ არის ცნობილი როდის განახლდება სამუშაოები.
მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები ვინც არის, 1500-მდეა მათი რიცხვი, ვინც ისრაელი დატოვა. ასევე არის ორმაგი მოქალაქეობის მქონე ბევრი მოქალაქე და მთლიანად საქართველოში ისრაელიდან ბოლო 15 დღის მანძილზე 15 000-ზე მეტი მოქალაქე ჩამოვიდა.
ყოველდღიურად ცხელი ხაზი მუშაობს და რეკავენ სხვადასხვა კითხვით, ძირითადად ნერვიულობდნენ იმ ინფორმაციაზე, რომელიც გავრცელდა, რომ საერთაშორისო აეროპორტი იკეტება, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. საქართველოს მოქალაქეებთან ცხელი ხაზის მეშვეობით გვაქვს კონტაქტი. ჩვენ 2 დღის წინ ვესაუბრეთ ქალაქ აშკელონში მყოფ ჩვენს მოქალაქეებს რომლებიც იქ სამუშაოდ არიან, 112 ადამიანი არის რეგისტრირებული, უფრო მეტნი არიან, თუმცა 112 რეგისტრირებულია. ასევე, აშკელონში 13 ქართველი ექიმი მუშაობს და ისინი მუშაობენ ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში, საავადმყოფოში, რომელიც ყველაზე ახლოს არის ღაზის სექტორთან და დაჭრილები ძირითადად იმ საავადმყოფოში მიჰყავთ“, - განაცხადა ელჩმა.
ლაშა ჟვანიას შეფასებით, ისრაელში მარტივი ვითარება არ არის.
„იგივე ვითარებაა რაც იყო 12 დღის წინ. პირველი სამი დღე უმართავი ვითარება იყო და შემდეგ ისრაელმა სრული კონტროლი აიღო. არის ალაგ-ალაგ ტერორისტული აქტები, არის ჩრდილოეთიდან საჰაერო თავდასხმები, ამის გამო ისრაელმა ლიბანის საზღვრიდან 5 კმ-ის სიღრმეში საევაკუაციო ზონა გამოაცხადა, ხოლო ღაზას სექტორის გარშემო 7 კმ-ია საევაკუაციო ზოლი“, - განაცხადა ლაშა ჟვანიამ.