კიდევ ერთი გარდაცვლილი ნინო კენჭაძეა - მისი ცხედარი ოჯახმა ცოტა ხნის წინ ამოიცნო
05-08-2023 05:57
კატეგორიები:
ბოლო სიახლეები
3 აგვისტოს, შოვში მომხდარ მეწყერს ბოლო ინფორმაციით, 11 ადამიანი ემსხვერპლა. ამ დროისთვის სტიქიის ზონიდან 210 ადამიანია გამოყვანილი, მაშველები 30-ზე მეტ დაკარგულს ეძებენ.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ გარდაცვლილი 11 ადამიანიდან 6 იდენტიფიცირებულია. მათ შორის არის ნინო კენჭაძე, რომლის ცხედარიც მამამ ამოიცნო. ინფორმაცია AMBEBI.GE-ს ოჯახის ახლობელმა დაუდასტურა.
ნინო შოვში მეგობრებთან, გვანცა ბუბაშვილთან და სალომე ხეთაგურთან ერთად იყო. გვანცას და სალომეს შესახებ ჯერჯერობით არაფერია ცნობილი. სამივე გოგონა ბოლო მონაცემებით, კალცის წყლის ტერიტორიაზე მანქანით გაადგილდებოდნენ, სტიქიის შემდეგ კი მათთან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა.
ცნობისთვის, 3 აგვისტოს რაჭაში, შოვში უდიდესი ტრაგედია მოხდა. იმ ადგილის მიმდებარედ, სადაც სასტუმრო "სანსეთ შოვი" და კოტეჯებია განთავსებული მეწყერი ჩამოწვა. ადგილზე ათობით დამსვენებელი იმყოფებოდა. სამძებრო სამუშაოები ამ წუთებში მიმდინარეობს.
თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან და თავდაცვის ძალების სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად გვიან ღამემდე იმყოფებოდა სტიქიის ზონაში.
"შემუშავდა სპეციალური გეგმა, რომლის მიხედვითაც საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონის სამხედროები სტიქიის ზონაში რამდენიმე გასაშლელ ხიდს მოაწყობენ. თავდაცვის მინისტრთან ერთად სტიქიის ეპიცენტრში იმყოფებოდნენ რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრი ზურა აზარაშვილი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
პოსტი ნახა: 1093