საოლქო საარჩევნო კომისიებმა პირველ ოქტომბერს გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური და გურჯაანის მერის რიგგარეშე არჩევნებისთვის საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები და ხელმძღვანელი პირები აირჩიეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, 133 საუბნო საარჩევნო კომისიაში არსებულ 1064 ვაკანტურ ადგილზე 1092 მსურველის განაცხადი დარეგისტრირდა.
საოლქო საარჩევნო კომისიებმა საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების და ხელმძღვანელი პირების შერჩევისას, იხელმძღვანელეს კანონმდებლობით განსაზღვრული კრიტერიუმებით. ასევე გაითვალისწინეს ცესკოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები. მათ შორის, კონკურსანტთა პროფესიული და საარჩევნო გამოცდილება, საარჩევნო ადმინისტრაციაში მიუკერძოებელი საქმიანობა, საარჩევნო ადმინისტრაციის საგანმანათლებლო პროექტებში მონაწილეობა.
საუბნო საარჩევნო კომისიების არჩეული 1056 ხელმძღვანელი პირებიდან და წევრებიდან -
14 ხმით არჩეულია 746 პირი;
13 ხმით არჩეულია 297 პირი;
არჩეულ პირთა შორის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის სტატუსით მუშაობის გამოცდილება აქვს და 2012 წლიდან, ბოლო 8 საერთო არჩევნებზე ერთხელ მაინც მონაწილეობა მიუღია - 889 პირს, რაც საერთო რაოდენობის 84%-ია.
ამასთან, საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ არჩეული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების დიდი ნაწილი ცესკოს საგანმანათლებლო პროექტების მონაწილეა. კერძოდ, საუბნო საარჩევნო კომისიის ახლად არჩეული წევრებიდან 387 „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსების“ მონაწილეა, 40 – „საარჩევნო განვითარების სკოლის“, ხოლო 23 - „ახალგაზრდული ბანაკის“ კურსდამთავრებული.
შეგახსენებთ, რომ ამომრჩევლები პირველ ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის გორი-კასპის მაჟორიტარ დეპუტატს და გურჯაანის მერს აირჩევენ. ამომრჩეველთა ვერიფიკაციის, ხმის მიცემისა და დათვლის აპარატების გამოყენებით კენჭისყრა 103 საარჩევნო უბანზე ჩატარდება და მასში მონაწილეობას ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 85.3% მიიღებს. დანარჩენ, 30 საარჩევნო უბანზე კი კენჭისყრა ამ დრომდე არსებული წესით ჩატარდება, თუმცა აღნიშნულ უბნებზე საარჩევნო ბიულეტენები გაციფრულდება, შესაბამის უსაფრთხო პლატფორმაზე აიტვირთება და ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული მხარისთვის.