შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

მთავრობა მაღალმთიან დასახლებებში ფერმერებს ხელის ტრაქტორების ყიდვას დაუსუბსიდირებს – დეტალები

მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები ფერმერების მცირე ზომის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით სპეციალური პროგრამა დაიწყება, რომლის ბიუჯეტიც 5 მილიონი ლარია. 

საქართველოს მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, „მაღალმთიან დასახლებებში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამა“ სოფლის განვითარების სააგენტო განახორციელებს. 

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში განმარტავენ, იმის გათვალისწინებით, რომ მაღალმთიან დასახლებებში მოსახლეობა მცირე ზომის სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებს ფლობს, მაღალია მოთხოვნა ხელის ტრაქტორებზე (მოტობლოკებზე). ახალი სახელმწიფო პროგრამა კი სწორედ ფერმერთა ამ საჭიროებების გათვალისწინებით შეიქმნა.

ვის და რა პირობებით შეუძლია პროგრამით სარგებლობა?

ახალი პროგრამით დაფინანსება შეუძლია მიიღოს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე ფიზიკურმა პირმა, რომელსაც მაღალმთიან დასახლებაში საკუთრებაში გააჩნია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. 

პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება მაღალმთიან დასახელებებში მცხოვრები პირების მიერ შესაძენი მცირე ზომის (7 ცხ.ძ-დან) სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ღირებულების 70%, თანადაფინანსების ლიმიტი განსხვავებულია სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის სიმძლავრეების მიხედვით და არ აღემატება 2 500 ლარს.