შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

სალომე ზურაბიშვილი ისლანდიის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

„დემოკრატიის მსოფლიო ფორუმის“ ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი ისლანდიის პრემიერ-მინისტრს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების საკითხები განიხილეს.

მათივე ცნობით, შეხვედრისას ისლანდიის პრემიერმა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობის ფარგლებში, ისლანდიის საქმიანობის პრიორიტეტები დაასახელა: გენდერული თანასწორობა, ბავშვთა უფლებები, კლიმატის ცვლილების საკითხი.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, გენდერული საკითხები საქართველოსთვისაც მნიშვნელოვანია და ის ევროკავშირის 12 რეკომენდაციაშიცაა მოცემული.

შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების საკითხს. სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტი მხარს უჭერს ქვეყნის ევროინტეგრაციას და ეს ქვეყნის კონსტიტუციაშიცაა გაწერილი.