შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

„საქართველოში მინიმალური ხელფასი დაახლოებით, 750 ლარამდე უნდა იყოს“ – სტატისტიკოსი

საქართველოში კანონმდებლობით დაწესებული მინიმალური ხელფასი კრიტიკას ვერ უძლებს. მიუხედავად, არაერთი მცდელობისა, ხელისუფლებებმა ჯერ კიდევ 1990 წელს დაწესებული 20-ლარიანი ზღვარი ვერადავერ შეცვალეს.

გასული წლის მიწურულს მინიმალური ხელფასის დაწესებასთან დაკავშირებით პროფკავშირებმა პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივითაც კი მიმართა, რასაც უკვე მიმდინარე წლის 19 თებერვალს, ჯანდაცვის კომიტეტმა მხარი დაუჭირა. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ინიციატივა გულისხმობს საქართველოს შრომის კანონმდებლობაში ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, მინიმალური ხელფასი უნდა განისაზღვროს საშუალო ხელფასის არანაკლებ 40%-ის ოდენობით. 2022 წლის მონაცემებით, 40% შეადგენს 636 ლარს.

პროფკავშირების კანონპროექტი მოიცავს არამხოლოდ მინიმალური ხელფასის დაწესების მოთხოვნას, არამედ ეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა ხელფასებს შორის არსებული მწვავე უთანასწორობა, რომელიც გამოწვეულია გენდერული ნიშნით. ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში, სოციალური სამართლიანობის დამკვიდრებას ემსახურება.

ზოგადად, მსოფლიოს 173 ქვეყანაში მინიმალურ ხელფასთან დაკავშირებული სხვადასხვა რეგულაციები მოქმედებს. მაგალითად, 115 ქვეყანაში მინიმალური ხელფასი მთავრობის მიერაა განსაზღვრული, 17 ქვეყანაში პარლამენტის მიერ მიღებული კანონით, ხოლო 15 ქვეყანაში კოლექტიური ხელშეკრულებებით. ასევე ვხვდებით ქვეყნებსაც, სადაც მინიმუმ ორი მინიმალური ხელფასი არსებობს, რომლებიც განსხვავდება რეგიონის, ინდუსტრიის, პროფესიის, გამოცდილების, ან ამ ფაქტორების ერთობლიობის მიხედვით.

მინიმალური ხელფასის მთავარი მიზანია, რომ გაუმჯობესდეს ყველაზე დაბალანაზღაურებადი მუშახელის ეკონომიკური მდგომარეობა და აღმოიფხვრას სიღარიბე. ასევე შემცირდეს ეკონომიკური უთანასწორობა და მხარეებს შორის არსებული ძალაუფლების დისბალანსის დამარცხება.

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის 14 სექტემბერს, ევროპარლამენტმა მიიღო კანონმდებლობა, რომლის მიხედვითაც მისმა წევრმა ქვეყნებმა თავიანთ სახელმწიფოში უნდა დააწესონ ისეთი მინიმალური ხელფასები, რომლებიც რეალურად დამსაქმებლის ღირსეულად ცხოვრებას უზრუნველყოფს. ამის მისაღწევად წევრმა ქვეყნებმა სამომხმარებლო კალათის ღირებულება რეალურ ფასებზე დაყრდნობით უნდა განსაზღვრონ, ან მინიმალური ხელფასი საშუალო ხელფასის 50%-ს, ან მედიანური ხელფასის 60%-ს გაუთანაბრონ.

სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე აცხადებს, რომ საქართველოში აუცილებლად უნდა დამკვიდრდეს მინიმალური ხელფასის მცნება, ხოლო შრომის ანაზღაურება სოციალურ სამაღლებრივ რეგულირებას უნდა დაექვემდებაროს.

„ჩვენ სულ უფრო და უფრო ვამკვიდრებთ საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს და ადრე თუ გვიან, ჩვენთანაც უნდა დამკვიდრეს მინიმალური ხელფასის კონცეფცია. შრომის ანაზღაურება უნდა დაექვემდებაროს სოციალურ-სამართლებრივ რეგულირებას და მინიმუმამდე უნდა იქნას დაყვანილი ტრეფიკინგის ნებისმიერი ფორმა, სამუშაო ძალის არაეკონომიკური გამოყენება და რიგი ფაქტორები“, – განაცხადა სტატისტიკოსმა სოსო არჩვაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“.

სტატისტიკოსის აზრით, საქართველოში მინიმალური ხელფასი ახლოს უნდა იყოს მედიანური ხელფასის 40%-თან, რაც დაახლოებით 750 ლარის ფარგლებში მერყეობს.

„საშუალო ხელფასი ბოლო ინფორმაციით საქართველოში 2044.5 ლარი იყო. მინიმალური ხელფასი კი ახლოს უნდა იყოს მედიანური ხელფასის 40%-თან. ეს თანხა 750 ლარის ფარგლებში მერყეობს. თუ გავითვალისწინებთ საშუალო საათობრივ დატვირთვას დღის განმავლობაში, ესე იგი, 180 საათს, 750 ლარი უნდა გაიყოს 180-ზე და მივიღებთ მინიმალურ საათობრივ ანაზღაურებას. ასე ვიღებთ დაახლოებით 4.16 ლარს, მაგრამ ზოგიერთი პარლამენტარი იმასაც ამბობს, რომ მინიმალური საათობრივი ანაზღაურება 5 ლარი უნდა იყოს საათში“, – ამბობს სოსო არჩვაძე.