შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში გორის მუნიციპალიტეტში ადგილობრივებთან შეხვედრები დასრულდა

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში გორის მუნიციპალიტეტში ადგილობრივებთან შეხვედრები დასრულდა. მოსახლეობამ პროექტები ხმათა უმრავლესობით შეარჩია, რომლებიც პროგრამის ფარგლებში 2024 წელს განხორციელდება.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში 2024 წელს გორის მუნიციპალიტეტისთვის 1 596 000 ლარია გამოყოფილი.

„100 – ზე მეტი შეხვედრა გავმართეთ და თითოეულ სოფელში პირადად მოვისმინე ადგილობრივების საჭიროებები. საინტერესო და მნიშვნელოვანია მოსახლეობასთან პირდაპირი კომუნიკაცია. გარდა “სოფლის მხარდაჭერის პროგრამისა”, ამგვარ შეხვედრებზე ერთობლივად ვმსჯელობთ სოფლისთვის საჭირბოროტო საკითხებზე, მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობების კიდევ უფრო გაუმჯობესების მიზნით, ერთად ვგეგმავთ რა და როგორ უნდა გაკეთდეს.

მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც აქტიურადაა ჩართული საკუთარი სოფლის პრობლემების მოგვარებაში და ვინც ცდილობს საკუთარი წვლილი შეიტანოს საერთო საქმეში. მაქსიმალურად მოხდება ადგილობრივების ინიციატივების გათვალისწინება და ვისურვებდი, კიდევ უფრო მეტი ადამიანი ჩაერთოს თვითმმართველობის პროცესში. მათი ჩართულობით, ერთად, ბევრ სასიკეთო საქმეს გავაკეთებთ“, – განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა.