შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

შეიძლება თუ არა გიორგობა დღეს საფლავზე გასვლა

აღ­დგო­მის მე­ო­რე დღე, ორ­შა­ბა­თი, საფ­ლავ­თა კურ­თხე­ვის დღეა. ბრწყინვალე შვიდეულის პირველ დღეს შეღებილი კვერცხით, პასკებითა და სხვა სანოვაგით დატვირთული ადამიანები ოჯახის წევრების და ახლობლების საფლავზე გადიან, რათა უფლის აღდგომა მათაც ახარონ.

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე, ლიტანიობის შემდეგ საფლავზე გასვლა ნებისმიერს შეუძლია, თუმცა სიხარულით და მიცვალებულისთვის აღდგომის მისალოცად. როგორც სასულიერო პირები გვეუბნებიან, მთავარია აღდგომის დღესასწაულზე საფლავზე გლოვით არ მივიდეთ.

აღდგომას საფლავზე გასვლის ტრადიცია საქართველოში ათწლეულებია დამკვიდრდა და მას საყოველთაო ხასიათი აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ხალხი საფლავებზე აღდგომის მეორე დღეს, ორშაბათს გადის, ეკლესია გვეუბნება, რომ ამ ტრადიციას მართლმადიდებლობასთან არაფერი აკავშირებს.

თეოლოგთა აზრი სასულიერო პირებისას ემთხვევა. ორშაბათს საფლავზე გასვლის ტრადიცია ათწლეულების წინ ჩამოყალიბდა და მას თავიდანვე განსხვავებული დატვირთვა ჰქონდა.

გამომდინარე იქიდან, რომ წელს ორშაბათი დღე გიორგობას ემთხვევა, საინტერესოა შეიცვლებოდა თუ არა საფლავზე გასვლის წესი. ამის გასარკვევად მოძღვარს დავუკავშირდით. 

„გიორგობა არ არის საუფლო დღესასწაული, როგორიც არის მაგალითად აღდგომა, სულთმოფენობა და ა.შ. გიორგობა არის ერთ-ერთი რიგითი დღესასწაული, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ერის განსაკუთრებული მფარველი და დიდი წმინდანია. ამიტომ საფლავზე გასვლასთან დაკავშირებით წესი არ იცვლება. ადამიანებს ჩვეულებრივად შეუძლიათ გავიდნენ საფლავზე და პატივი მიაგონ მიცვალებულებს“,- აღნიშნა ჩვენთან საუბრისას მოძღვარმა.