შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

ირაკლი კობახიძე – დაუჭამიათ ერთმანეთი – პოპკორნით საყურებელია ის, რაც „ნაცმოძრაობაში“ ხდება

დაუჭამიათ ერთმანეთი – პოპკორნით საყურებელია ის, რაც „ნაცმოძრაობაში“ ხდება, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი მუმლაძის განცხადებას, რომელმაც პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილს გადადგომისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ 2024 წლის არჩევნების შემდეგ „ნაციონალური მოძრობა“ უკიდურესად დასუსტდება და „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ პრაქტიკულად, დაიშლება“.

„დაუჭამიათ ერთმანეთი. არ ვიცი, სხვა რა კომენტარი უნდა გაკეთდეს. მართლა ძალიან კარგი საყურებელია, პოპკორნით საყურებელია ის, რაც ხდება „ნაცმოძრაობაში“. რაც უფრო მეტად დაიშლება ეს პარტია, მით უკეთესი. ზოგადად მნიშვნელოვანია, არამარტო პარტია „ნაცმოძრაობა“, „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ დაიშალოს და აქეთკენ მიდის პროცესები. ამ ყველაფრის კულმინაცია იქნება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები. ყველა დაინახავს, რომ „ნაცმოძრაობა“ იქნება უკიდურესად დასუსტებული, „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ პრაქტიკულად, დაიშლება ამ არჩევნების შემდეგ,“ – განაცხადა კობახიძემ.

კობახიძე, ასევე, გამოეხმაურა ხაბეიშვილის განცხადებას და არაოფიციალურ დოკუმენტზე ხელმოწერით დადასტურებას , რომ ნიკა მელია არ წარმოადგენს „ნაციონალურ მოძრაობას“.

„ვერავინ გაიგო დღემდე, მელია არის თუ არა „ნაცმოძრაობის“ წევრი. თვითონ ხაბეიშვილმა და მელიამაც ვერ გაიგეს და სხვას რა უნდა გააგებინონ? სუსტდება პარტია, მიმდინარეობს შიდა დაპირისპირება, შიდა კინკლაობა და თვითონ ვერ გაერკვნენ, რა ხდება ამ პარტიაში. რაც უფრო მეტ ხანს გაგრძელდება ეს პროცესები, მით უკეთესი,“ – აღნიშნა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.

ამასთან, კობახიძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ მხარდამჭერებს კარგავს.

„ჩვენც ვამბობდით, რომ 20 პროცენტს ჩამოსცდა „ნაცმოძრაობის“ რეიტინგი და ეს უხარია, როგორც ჩანს ხაბეიშვილს. იმ პირობებში, როცა ამ პარტიის თავმჯდომარეა ხაბეიშვილი, ლიდერი კეზერაშვილი და ა.შ. ეს 16 პროცენტიც ზედმეტია, ბუნებრივია, ამ პარტიისთვის. რაც ნაკლები პროცენტი ექნება „ნაცმოძრაობას“, მით უკეთესი ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის.

მაშინაც აბსოლუტურად დეგრადირებული იყო ეს პარტია, როცა აიღეს 27 პროცენტი, დღეს ისეთი მდგომარეობაა „ნაცმოძრაობაში“, რომ საკუთარი მხარდამჭერებიც აღარ უჭერენ მხარს, ამიტომ არის მათი რეიტინგი შემცირებული. როცა კომიკური ფიგურა გყავს თავმჯდომარედ, როცა ლიდერი გყავს კეზერაშვილი, რომელმაც ჯერ ჯარი და ბიზნესმენები გაძარცვა და ახლა პენსიონერებს ძარცვავს, ამ პირობებში, რა თქმა უნდა, ეს 16 პროცენტიც ზედმეტია, საკუთარი მხარდამჭერები დაკარგეს. ჩვენ ვამბობდით, რომ 20 პროცენტს ჩამოსცდა და 16 არისო ხაბეიშვილს უთქვამს, ამაყობს 16 პროცენტით,“ – განაცხადა კობახიძემ.