შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

კრიტიკულად მძიმეა იმ ძაღლის მდგომარეობა, რომელსაც ბლაგვი საგნით მიაყენეს დაზიანებები

კრიტიკულად მძიმეა იმ მიუსაფარი ძაღლის მდგომარეობა, რომელსაც გუშინ ბაღდათის მუნიციპალიტეტში ბლაგვი საგნით მიაყენეს დაზიანებები. ძაღლი თბილისში გადაიყვანეს. მას კლინიკა “ვეტ-მედიში” რთული ოპერაციისთვის ამზადებენ.

“კრიტიკულად მძიმედ რჩება, იგეგმება ოპერაცია დეკომპრესიული ტრეპანაცია. თავის ქალა აქვს დაზიანებული, ფილტვებიც. გულ-მკერდის არეში აღენიშნება, სავარაუდოდ, პნევმატური იარაღით ნასროლი ტყვიაა შიგნით”, – უთხრა რადიო თავისუფლებას კლინიკის დირექტორმა ოთარ მენაბდემ.

დეკომპრესიული ტრეპანაციის დროს თავის ქალიდან დაზიანებულ ნაწილს აცილებენ. ამ დროს ძვლის მოტეხილი ნაწილი ტვინს აწვება და ხელს უშლის ფუნქციონირებაში.

ვეტერინარული კლინიკის დირექტორი ამბობს, რომ მათთან არაერთხელ მიუყვანიათ ძაღლი, რომელსაც მანქანა დააჯახეს, მაგრამ “ნეიროქირურგიული ჩარევა რომ დასჭირვებოდა თავის ტვინზე, ჯერჯერობით არ ყოფილა”.

არსებული ინფორმაციით, პნევმატიკური იარაღის ტყვიები ძაღლს ბოლოს მიყენებულ დაზიანებებამდე გაცილებით ადრე აქვს ნასროლი.

გუშინ, 24 დეკემბერს, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოკადრები, რომლებშიც ჩანდა, რომ მიუსაფარ ძაღლს მიყენებული ჰქონდა მძიმე დაზიანებები და პირიდან სისხლი სდიოდა. რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ გამოძიება დაიწყეს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით. ამ მუხლით ცხოველის წამება ისჯება პატიმრობით.