შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

საქართველოში შესაძლოა, 20-ლარიანი მინიმალური ხელფასი გაიზარდოს – პარლამენტი ინიციატივას განიხილავს

პროფკავშირების გაერთიანების ინიციატივას მინიმალურ ხელფასთან დაკავშირებით ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა.

ამის შესახებ ინფორმაციას პროფკავშირების გაერთიანება ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ინიციატივა გულისხმობს საქართველოს შრომის კანონმდებლობაში ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, მინიმალური ხელფასი უნდა განისაზღვროს საშუალო ხელფასის არანაკლებ 40%-ის ოდენობით. 2022 წლის მონაცემებით, 40% შეადგენს 636 ლარს.

„დღეს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განიხილეს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების მიერ შეტანილი საკანონმდებლო ინიციატივა ქვეყანაში ღირსეული მინიმალური ხელფასის სტანდარტის დაწესების შესახებ. საკანონმდებლო წინადადება დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროების რეკომენდაციის საფუძველზე მიიღეს დათქმით, რომ მანამდე მოხდეს მისი სოციალური პარტნიორობის სამმხრივ კომისიაზე გატანა და განხილვა.

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ ეს საკითხი სოციალური პარტნიორობის სამმხრივ კომისიაზე რამდენჯერმე უკვე გაიტანა.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ინიციატივა გულისხმობს საქართველოს შრომის კანონმდებლობაში ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, მინიმალური ხელფასი უნდა განისაზღვროს საშუალო ხელფასის არანაკლებ 40%-ის ოდენობით. 2022 წლის მონაცემებით 40% შეადგენს 636 ლარს.

ციფრები ყოველთვის ყველაზე ნათლად ცხადყოფს ვითარებას – სსიპ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2022 წლის თებერვლის მდგომარეობით, 100 ლარზე ნაკლები ხელფასი ჰქონდა 12 555 ადამიანს, შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმზე დაბალი ხელფასი კი დაქირავებით დასაქმებულთა 5,6%-ს. ყველაზე მაღალხელფასიანი 277 დასაქმებული იღებდა იმდენივე ხელფასს, რასაც 300 ათასამდე დაბალანაზღაურებადი დასაქმებული ერთად აღებული, ხოლო 56 000 მაღალხელფასიანი პირი იღებდა იმდენივეს, რამდენსაც 700 000 სხვა დასაქმებული. შემოსავლებში ასეთი დიდი სხვაობა დასაქმებულთა ნაწილს სიღარიბის ზღვარს მიღმა ტოვებს, სახელმწიფოს კი იძულებულს ხდის, საარსებო შემწეობა გასცეს დასაქმებულ პირებზეც.

მინიმალური ხელფასი 636 ლარიან ნიშნულზე შეეხება 192 ათასამდე დაქირავებით დასაქმებულს. მათგან 49 ათასზე მეტ ადამიანს ხელფასი შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმზე დაბალი აქვს. შესაბამისად, მინიმუმ 49 ათას ოჯახს გაუჩნდება შესაძლებლობა დაძლიოს სიღარიბე.

მინიმალური ხელფასის დაწესება, მის აღსრულებაზე ზედამხედველობა და მისი პერიოდული გადასინჯვა ხელს შეუწყობს სოციალური სამართლიანობის დამკვიდრებას, ღირსეულ დასაქმებას, სამართლიანი სახელფასო სტრუქტურის ჩამოყალიბებას, ხელფასების გაზრდის მოთხოვნით კოლექტიური შრომითი დავებისა და გაფიცვების, სოციალური კონფლიქტების შემცირებას. შემცირდება ხელფასებს შორის არსებული მწვავე უთანასწორობა, გენდერული ნიშნით სახელფასო სხვაობა, სიღარიბის დონის მაღალი მაჩვენებელი, დამსაქმებელთა სოციალური პასუხისმგებლობის მეტწილად დაბალი დონე, დაბალშემოსავლიანი მოსახლეობის სოციალური სიდუხჭირე. თუმცა, სოციალური უთანასწორობის აღმოსაფხვრელად, სხვა ბევრი გამოწვევაცაა დასაძლევი, მათ შორის, აუცილებელია, პროგრესული გადასახადების დაწესება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.