შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენის, შენახვისა და გასაღების მომზადების ფაქტებზე 8 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენის, შენახვისა და გასაღების მომზადების ფაქტებზე 8 პირს ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებსა და ფსიქოტროპულ ნივთიერებებს, რომელთა ნაწილი გასაღების მიზნით, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, წინასწარ განსაზღვრულ ლოკაციებზე განათავსეს.

„ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ბრალდებულებისგან და ასევე სხვადასხვა ლოკაციიდან სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალებები – ,,კოკაინი”, „მდმა“, „მარიხუანა“, „ექსტაზი” „ლსდ“, ,,პსილოციბინი”, ,,ალფა პვპ”, “მეფედრონი” და ფსიქოტროპული ნივთიერება „კეტამინი“ ამოიღეს.

დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261-ე და 273-ე პრიმა მუხლებით (ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღების მცდელობა და მომზადება) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ რვავე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.

პროკურატურა ნარკორეალიზატორების მიმართ მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიება გრძელდება“, – აცხადებენ პროკურატურაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, თბილისისა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 8 პირი დააკავეს.