შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

პუტინი: შეთანხმება უფრო იოლია მათთან, ვისაც „ცხვირი კოკაინში აქვს“

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინის საკითხზე მოლაპარაკების პირობად დაასახელა „არსებული რეალიების” გათვალისწინება და განაცხადა, რომ შეთანხმება უფრო იოლია მათთან, ვისაც „ცხვირი კოკაინში აქვს“.

კრემლი „არსებულ რეალიებად“ მიიჩნევს უკრაინაში ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის ნაწილად აღიარებას, რასაც უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, კიევი არასდროს დათანხმდება.

პუტინმა ინტერვიუ მისცა სახელმწიფო პროპაგანდისტულ მედიაჯგუფში შემავალი ტელეარხის, „როსია 1-ის” და სააგენტო „რია ნოვოსტის“ ხელმძღვანელ დმიტრი კისელიოვს. ინტერვიუ სრულად დღეს, 13 მარტს, გამოქვეყნდება, თუმცა მანამდე „რია ნოვოსტიმ“ რამდენიმე ფრაგმენტი გაავრცელა.

პუტინის განცხადებით, მოლაპარაკებისთვის მზად არიან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის დაეფუძნება არა „ფსიქოტროპული საშუალებების გამოყენების“ შემდეგ გაჩენილ სურვილებს, არამედ „რეალიებს, რომლებიც მიწაზე შეიქმნა“.

კისელიოვთან ინტერვიუში პუტინი ირწმუნება, რომ „კონფლიქტის“ მოგვარება „მშვიდობიანი საშუალებებით“ სურთ და თუ მოლაპარაკებები დაიწყება, ის უნდა იყოს არა პაუზა, რომელიც მოწინააღმდეგეს ხელახლა შეიარაღებისთვის სჭირდება, არამედ „სერიოზული საუბარი რუსეთის უსაფრთხოების გარანტიებით“.

კისელიოვის შეკითხვას, ვისთან უფრო იოლია შეთანხმება, პუტინმა უპასუხა, რომ მათთან, ვისაც „ცხვირი კოკაინში აქვს“. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, შეთანხმება „ჭკვიანებთან“ უფრო რთულია და ისინი უფრო საშიში არიან, რადგან გავლენას ახდენენ საზოგადოების, მათ შორის რუსეთის საზოგადოების ცნობიერებაზე. პუტინს არ დაუკონკრეტებია, ვის გულისხმობდა. ცნობილია, რომ რუსეთის სახელმწიფო მედია აქტიურად ეწევა პროპაგანდას, რომ უკრაინის პრეზიდენტი და სხვა მაღალჩინოსნები ნარკოტიკების მომხმარებლები არიან.