შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

უკრაინული მხარე აცხადებს, რომ დრონებით შეუტიეს რუსეთის სამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში დაადასტურეს, რომ რუსეთის სხვადასხვა რეგიონზე დრონებით დღევანდელი შეტევა უკრაინის სპეცოპერაცია იყო.

ბრიტანული BBC-ის უკრაინულ სამსახურს და გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა ანონიმურობის დაცვის პირობით უთხრა, რომ დღეს, 13 მარტს უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტიეს რუსეთის სამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას – ქალაქ რიაზანში, ნიჟნი ნოვგოროდის ოლქის ქალაქ კსტოვოში და ლენინგრადის ოლქის ქალაქ კირიშიში.

რიაზანის და ლენინგრადის ოლქების ხელისუფლების წარმომადგენლებმა დრონებით დღევანდელი დარტყმები დაადასტურეს. ნიჟნი ნოვგოროდის ოლქის ხელისუფლებას ქალაქ კსტოვოს ქარხანაზე შეტევის შესახებ დღეს არაფერი უთქვამს, განსხვავებით 12 მარტისგან, როცა ოლქის გუბერნატორმა განაცხადა, რომ კსტოვოს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით შეტევის შედეგად ხანძარი გაჩნდა. ეს ქარხანა რუსეთის ერთ-ერთ უმსხვილეს ნავთობკომპანია „ლუკოილს“ ეკუთვნის.

გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ ინფორმაციით, უსაფრთხოების სამსახურმა თავდაცვის ძალების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, დღეს დრონებით შეუტია რუსეთის სამხედრო ობიექტებსაც – ქალაქ ვორონეჟის აეროდრომს და ვორონეჟის ოლქის ქალაქ ბუტურლინოვკაში მდებარე საავიაციო ბაზას.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, დღეს დრონებით შეტევა იყო 10-მდე ოლქზე, სადაც 60-ზე მეტი „უკრაინული“ უპილოტო საფრენი აპარატი „გაანადგურეს“.