შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

პრემიერი ე.წ. აგენტების კანონზე – ფრანგული კანონი არის უფრო მკაცრი, საზოგადოების ნაწილს წაუკითხავი კანონი გააპროტესტებინეს – კონკრეტულმა ელჩებმაც კი იკადრეს უკადრებელი

ფრანგული კანონი არის უფრო მკაცრი, ვიდრე ის, რაც საქართველოს პარლამენტში ინიცირებული იყო – წაუკითხავი კანონი საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს გააპროტესტებინეს – კონკრეტულმა ელჩებმაც კი იკადრეს უკადრებელი და სამარცხვინო ტყუილი ქართულ საზოგადოებას აკადრეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ე.წ. აგენტების შესახებ კანონზე საუბრისას, ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, კანონი, რომელიც შარშან იყო ინიცირებული, აბსოლუტურად გამართული იყო.

„ერთადერთი, რითაც ფრანგული კანონი იმ ინიციატივისგან განსხვავდება, რომელიც თავის დროზე საქართველოს პარლამენტში შეტანილი იყო, რასაც „რუსული კანონი“ უწოდა ოპოზიციამ, არის ის, რომ ფრანგული კანონი არის უფრო მკაცრი, ვიდრე ის, რაც საქართველოს პარლამენტში ინიცირებული იყო. ეს არის ერთადერთი განსხვავება, მეტი არსებითი განსხვავება არ არის. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ შარშან რეალურად საზოგადოება მოატყუეს, ამ ტყუილში ჩართული იყო ძალიან ფართო სპექტრი ადამიანების. ეს იყო რადიკალური ოპოზიცია, „ენჯეოები“, ასევე, მათი უცხოელი მეგობრები, რომლებიც მერე აღმოჩნდა, რომ თურმე აფინანსებდნენ „ფრანკლინის კლუბს“, „კანვასის“ ტრენინგებს, ექსტრემისტულ ორგანიზაციებს, პოლიტიკურ პარტიებს – „დროას“ და ა.შ. თურმე ძალიან ბევრი დასამალი ჰქონიათ და ამიტომ იყო, ეს ისტერიული კამპანია ამ კანონის წინააღმდეგ. დასამალი ჰქონიათ და ამიტომ ჰქონდათ ისტერიკის საფუძველი. რეალურად, ის კანონი, რომელიც შარშან ინიცირებული იყო, აბსოლუტურად გამართული იყო სამართლებრივი, პოლიტიკური თვალსაზრისით, თუმცა მაშინ საზოგადოების მოტყუება მოახერხეს, რაც ძალიან სამწუხაროა. წაუკითხავი კანონი საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს გააპროტესტებინეს. ეს ყველაფერი ძალიან სამწუხაროა. თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ფრანგული კანონი აჩვენებს იმას, რომ ეს იყო აბსოლუტური ტყუილი, რაც იკადრა ბევრმა სუბიექტმა, მათ შორის კონკრეტულმა ელჩებმაც კი იკადრეს უკადრებელი და სამარცხვინო ტყუილი ქართულ საზოგადოებას აკადრეს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.