შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

გამოწვევად რჩება სოციალურ საცხოვრისებში არსებული არასათანადო გარემო განსაკუთრებულად ყურადსაღებია გორის სოციალური საცხოვრისში არსებული პირობები

“გამოწვევად რჩება სოციალურ საცხოვრისებში არსებული არასათანადო გარემო, უსახლკარო პირებისთვის განკუთვნილი სოციალური საცხოვრებლის მოწყობის მინიმალური სტანდარტების არარსებობა”, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის მიერ 2023 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ გამოქვეყნებულ წლიურ საპარლამენტო ანგარიშშია ნათქვამი.

გამოწვევად რჩება სოციალურ საცხოვრისებში არსებული არასათანადო გარემო, უსახლკარო პირებისთვის განკუთვნილი სოციალური საცხოვრებლის მოწყობის მინიმალური სტანდარტების არარსებობა. გრძელვადიანი განსახლების მიზნებისთვის საბინაო ფონდისა თუ სოციალური საცხოვრისის უქონლობა და გადატვირთულობა. განსაკუთრებულად ყურადსაღებია ოზურგეთის ქუთაისის, გორის, თბილისის (ორხევის) საცხოვრისებში არსებული პირობები.

2022 წლის თებერვლისა და მარტის თვეში საქართველოს სახალხო დამცველის მონიტორინგის ჯგუფმა გორის სოციალური საცხოვრისი შეამოწმა და დაადგინა, რომ არსებული პირობები მინიმალურადაც კი ვერ აკმაყოფილებს სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფის უფლებას.

ყოფილი ნარკოლოგიური ცენტრის შენობაში განთავსებულ გორის სოციალურ საცხოვრისში განსაკუთრებით შემაშფოთებელი მდგომარეობაა. შენობა, რომელშიც 80-მდე ოჯახი ცხოვრობს, საცხოვრებელად დღემდე არ გარდაქმნილა, მოსახლეებმა საკუთარი ოთახები თვითონ გადააკეთეს, კუსტარულად; შესაბამისად, მუდმივ საცხოვრებელად უვარგისია. საცხოვრისს არ აქვს საკანალიზაციო და სადრენაჟო სისტემები; არ არის მოწყობილი სამზარეულო და ინდივიდუალური სველი წერტილები. მაცხოვრებლებს ხელი არ მიუწვდებათ სუფთა წყალზე.

,,ამ პირობებში წარმოუდგენელია ჰიგიენის დაცვა და კვების პროდუქტების უსაფრთხოდ შენახვა. ობიექტში არსებული უკიდურესად მწვავე სანიტარულ-ჰიგიენური პირობები ხელს უწყობს პარაზიტოლოგიური დაავადებების, მწერების, მღრღნელებისა და ქვეწარმავლების გავრცელებას, რაც განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის შენობის მობინადრეთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.” – აღნიშნული სახალხო დამცველის განცხადებაში.