შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

32 100-ზე მეტი აბიტურიენტი სტუდენტი გახდა

ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები ცნობილია. მონაცემები სულ რამდენიმე წუთის წინ აიტვირთა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

NAEC-ის ინფორმაციით, 32 100-ზე მეტი აბიტურიენტი სტუდენტი გახდა. მათგან სახელმწიფო გრანტი 6 550-მდე გამოსაცდელმა მოიპოვა, მათ შორის 1000-ზე მეტმა აბიტურიენტმა 100 პროცენტიანი გრანტი აიღო.

“2022 წელს სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვა 32 100-ზე მეტმა გამოსაცდელმა, რაც რეგისტრირებულ აბიტურიენტთა 77%-ზე მეტს შეადგენს. სახელმწიფო გრანტი მოიპოვა 6 550-მდე გამოსაცდელმა, რომელთაგან 100%-იანი გრანტი მიიღო 1 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა, 70%-იანი – 1 500-მდე; 50%-იანი გრანტი კი – 4 000-ზე მეტმა გამოსაცდელმა.

ქართულ ენაში მომზადების პროგრამებზე ჩაირიცხა 1 390-მდე გამოსაცდელი; დაფინანსდა 200-ზე მეტი.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შეახსენებს მომავალ სტუდენტებს, რომ აუცილებელია უახლოეს დღეებში დაუკავშირდნენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, სადაც მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება, ხელშეკრულების გასაფორმებლად.

აბიტურიენტთა პირველი არჩევნის მიხედვით, გასული წლის მსგავსად, ლიდერობს შემდეგი საგანმანათლებლო პროგრამები: სამართალი, ფსიქოლოგია, ჰუმანიტარული მიმართულებები, ბიზნესის ადმინისტრირება და ჯანდაცვის მიმართულება,” – აღნიშნულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციაში.