ადამიანი სხვაგან ვერსად ნახავს ნამდვილ სიხარულს, ნამდვილ მშვიდობას და ნამდვილ გადარჩენას, გარდა უფალსა ჩვენსა იესო ქრისტეში, -ამის შესახებ საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ (მუჯირი) ქადაგებისას აღნიშნა.
მან მრევლს წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე მიულოცა და დასძინა, რომ განუზომლად აღმატებული არის ჟამი, როდესაც ადამიანი იღვიძებს ცოდვილი ცხოვრებისგან და როდესაც ქრისტეს რწმენის ნათელს იხილავს.
„ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს. დღეს არის ხსენება წმინდისა მოციქულისა ანდრია პირველწოდებულისა და წმინდა კეთილმსახურ მეფე ვახტანგ გორგასლისა.
გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.
ეს წმინდანები ჩვენთვის განსაკუთრებული პიროვნებები არიან, რადგან წმინდა ანდრია პირველწოდებულმა პირველმა იქადაგა ქრისტიანობა საქართველოში და ქრისტეს ეკლესია დააფუძნა. სწორედ ამიტომ ეწოდება საქართველოს ეკლესიას სამოციქულო; ხოლო წმინდა მეფე ვახტანგის ღვაწლით ჩვენმა ეკლესიამ მოიპოვა ავტოკეფალია და იკურთხა პირველი კათოლიკოსი პეტრე, რომლის ხსენებასაც დღეს ასევე აღვნიშნავთ. შეგვეწიოს ამ დიდი წმინდანების ლოცვა და მადლი ჩვენ და სრულიად საქართველოს.
დღევანდელი სახარება მოგვითხრობს ანდრია მოციქულის პირველ შეხვედრაზე უფალ იესო ქრისტესთან. როდესაც წმინდა იოანე ნათლისმცემელი ქადაგებდა, ნათლავდა ხალხს და წინასწარმეტყველებდა მესიაზე, მაშინ მას დაემოწაფა ანდრია და მისი ძმა სიმონი. იმჟამად მას ასევე დაემოწაფა ქრისტეს მომავალი მოციქული და სახარების ავტორი იოანე ღვთისმეტყველი.
და აი, ერთხელ, როდესაც იოანე ნათლისმცემელი მდინარე იორდანესთან იყო თავის ორ მოწაფესთან - ანდრიასა და იოანესთან ერთად, მათ იხილეს მათკენ მომავალი იესო ქრისტე. ნათლისმცემელი აღივსო გამოუთქმელი სიხარულით, თავის მოწაფეებს მიუთითა ქრისტეზე და თქვა: „აი, ტარიგი ღვთისა, რომელიც იტვირთავს სოფლის ცოდვებს“ (ინ. 1, 29). ამ სიტყვებში არის საღვთო განგებულების მთელი საიდუმლო.
მოწაფეებმა რომ გაიგეს, იესო ქრისტე არის მესია, გადაწყვიტეს ქრისტესთან მისვლა და სთხოვეს უფალს, თან წაეყვანა. მაცხოვარმაც წაიყვანა ისინი იქ, სადაც იმჟამად ცხოვრობდა. მათი საუბარი მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდა. იქ მომავალმა მოციქულებმა იხილეს და მოისმინეს ისეთი რამ, რაც მათთვის სრულიად ახალი იყო, რამაც მათი გულები გაათბო, რამაც გონება გაუნათა და რამაც განაწყო, რომ სრულიად ახალი ცხოვრება დაეწყოთ. მათზე იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ქრისტესთან შეხვედრამ, რომ ერთ-ერთმა მათგანმა, იოანემ, რომელმაც სახარება დაწერა, თავისი სახარების პირველივე თავში აღნიშნა ამ შეხვედრის დროც კი. „იქნებოდა ასე, მეათე საათი“ (ინ. 1, 39), - წერს იგი. მეათე საათი ჩვენი დროით არის დღის მეოთხე საათი. შემდეგ იგი სიხარულით აღსავსე გაიქცევა თავის ძმასთან, სიმონთან, მომავალ მოციქულ პეტრესთან და ახარებს, რომ: „ჩვენ ვიპოვეთ მესია“ (ინ. 1, 41).
აი, ძვირფასო ძმებო და დებო, ანდრიასთვის ქრისტესთან შეხვედრის ჟამი და დრო იყო ყველაზე მნიშვნელოვანი დრო მის ცხოვრებაში. ეს იმდენად ჩაებეჭდა მას სულში, აი, ეს ჟამი, რომ ახსოვდა თავისი სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე, როდესაც თვითონ გახდა ღირსი ჯვარცმით სიკვდილისა.
დღეს ჩვენ ვფიქრობთ ამაზე და ვკითხოთ ჩვენს თავს, რომელია ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ჟამი, ასეთი დრო, ყველაზე ძვირფასი რომელია ჩემთვის და პასუხი იქნება გამომდინარე იქიდან, ვისთვის რა არის უფრო მნიშვნელოვანი. ვიღაცისთვის ეს არის დაქორწინების დრო, ვიღაცისთვის ეს შეიძლება არის შვილის გაჩენა, ვიღაცისთვის - მძიმე ავადმყოფობისგან განკურნება, მაგრამ ამ ყველაფერზე განუზომლად აღმატებული არის ჟამი, როდესაც ადამიანი იღვიძებს ცოდვილი ცხოვრებისგან, როდესაც ფხიზლდება ცოდვისგან და როდესაც ქრისტეს რწმენის ნათელს იხილავს, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი დრო; როდესაც მიიღებს ადამიანი იესო ქრისტეს, როგორც თავის მხსნელს და მაცხოვარს. აი, ეს არის ყველაზე მთავარი დრო ადამიანის ცხოვრებაში, ვინაიდან ადამიანი სხვაგან ვერსად ნახავს ნამდვილ სიხარულს, ნამდვილ მშვიდობას და ნამდვილ გადარჩენას, გარდა უფალსა ჩვენსა იესო ქრისტეში, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანადაუსაბამოდ მამით და ყოვლადწმინდით და ცხოველსმყოფელით სულითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ“,-აღნიშნა მეუფე შიომ.