საქართველოში სახალხო დამცველი არ არსებობს!

საქართველოში სახალხო დამცველი არ არსებობს!

38 წუთის წინ
პოსტი ნახა: 22

ვის იცავს სახალხო დამცველი - მოქალაქისა და მედიის უფლებებს თუ ხელისუფლების ინტერესებს?

გვყავს კი საქართველოში სახალხო დამცველი?

მერვე თვეა, "თრიალეთი" საქართველოს სახალხო დამცველისგან პასუხს ელოდება - ინსტიტუტისგან, რომლის მთავარი დანიშნულება ადამიანის უფლებების დაცვაა.

2026 წლის 29 იანვარს ტელე-რადიო კომპანია "თრიალეთმა" საქართველოს სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს მივმართეთ და მოვითხოვეთ ხელისუფლების მხრიდან ჩვენი კომპანიის მიმართ შერჩევითი და დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტების შესწავლა და სამართლებრივი შეფასება.

ამ ხნის განმავლობაში სახალხო დამცველის აპარატს არაერთხელ მივაწოდეთ დამატებითი დოკუმენტები და მტკიცებულებები, თუმცა დღემდე ვერ მივიღეთ პასუხი მთავარ კითხვაზე - დაირღვა თუ არა "თრიალეთის" უფლებები ხელისუფლების მხრიდან შერჩევითი და დისკრიმინაციული მოპყრობით?

განსაკუთრებით საგანგაშოა ლევან იოსელიანის რამდენიმე თვის წინ გაკეთებული განცხადება, რომლის ვიდეოჩანაწერსაც ამ წერილს ვურთავთ.

რამდენიმე თვის წინ "თრიალეთის" ჟურნალისტმა ლევან იოსელიანს პირადად ჰკითხა, რატომ არ გვქონდა პასუხი განცხადების შეტანიდან ორი თვის შემდეგ, რაზეც სახალხო დამცველმა უპასუხა, რომ განცხადების განსახილველად ექვსთვიანი ვადა ჰქონდა.

ჟურნალისტმა უთხრა, რომ ექვს თვეში "თრიალეთი" შესაძლოა უკვე დახურული ყოფილიყო - კომპანია ხელისუფლების ასეთ ზეწოლას ამდენ ხანს ვერ გაუძლებდა.

ლევან იოსელიანის პასუხი იყო: 

"დახურვა-არდახურვასთან ჩვენ არანაირი კავშირი არ გვაქვს."  

https://youtu.be/92Z3lhmPgfY?si=Q88eATpzh3Dor6mB

როდესაც დამოუკიდებელ მედიას ხელისუფლების ზეწოლის გამო არსებობის საფრთხე ექმნება და სახალხო დამცველს სწორედ საკუთარი უფლებების დასაცავად მიმართავს, პასუხი - "დახურვა-არდახურვასთან ჩვენ არანაირი კავშირი არ გვაქვს" -  სრულიად შეუთავსებელია ადამიანის უფლებათა დამცველი ინსტიტუტის დანიშნულებასთან.

ბატონო ლევან, თუ ხელისუფლების უკანონო მოქმედებებისგან ადამიანის უფლებების დაცვა თქვენ არ გეხებათ, მაშინ კონკრეტულად რა გეხებათ?

ფაქტი დღეს ასეთია: ლევან იოსელიანის მიერ დასახელებული ექვსი თვეც დიდი ხანია გავიდა. უკვე მერვე თვე მიმდინარეობს.

11 აგვისტოს სახალხო დამცველს კიდევ ერთხელ მივმართეთ. მოვითხოვეთ, ათი დღის ვადაში დაესრულებინა საქმის შესწავლა ან წერილობით განემარტა, რატომ გაჭიანურდა განხილვა, რა ეტაპზე იყო საქმე და როდის მივიღებდით სამართლებრივ შეფასებას.

პასუხი არც ამ წერილზე მიგვიღია.

თუ დამოუკიდებელი მედიასაშუალება ხელისუფლების მხრიდან შესაძლო შერჩევითი და დისკრიმინაციული მოპყრობის შესახებ მიმართავს ადამიანის უფლებების დაცვის უმთავრეს ეროვნულ ინსტიტუტს და რვა თვის განმავლობაში ვერ იღებს სამართლებრივ შეფასებას, ხოლო ბოლოს საკუთარ წერილზეც აღარ პასუხობენ, საზოგადოებას უფლება აქვს იკითხოს:

მაშინ რისთვის არსებობს სახალხო დამცველი?

მისი მოვალეობაა ადამიანის უფლებების დაცვა სწორედ მაშინ, როდესაც მოქალაქეს, ორგანიზაციას ან მედიას ხელისუფლებისგან დაცვა სჭირდება.

თუ ასეთ დროს სახალხო დამცველი დუმს, მისი არსებობა მხოლოდ ფორმალობაა!

დუმილი - ეს არის ხელისუფლებისთვის ყველაზე კომფორტული პოზიცია!

ჩვენ რვა თვე ველოდეთ.

საკმარისია!

ამ განცხადებას თან ვურთავთ ლევან იოსელიანის ინტერვიუს ვიდეოჩანაწერს, რათა საზოგადოებამ თავად მოისმინოს მისი პასუხი და თავად შეაფასოს, ჰყავს თუ არა საქართველოს რეალურად დამოუკიდებელი და ეფექტიანი სახალხო დამცველი.

"თრიალეთი" აღარ აპირებს პასუხის უსასრულოდ ლოდინს და საკუთარი უფლებების დაცვას გააგრძელებს სხვა სამართლებრივი, საზოგადოებრივი და საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით.

სახალხო დამცველი, რომელიც ხელისუფლების შესაძლო უკანონობაზე დუმს და დამოუკიდებელ მედიას რვა თვის განმავლობაში პასუხს არ სცემს, უფლებების ეფექტიანი დამცველი ვერ იქნება.

ჩვენ რვა თვე ტყუილად ველოდეთ.

საქართველოში სახალხო დამცველი არ არსებობს!



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე