შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

თეა ახვლედიანი „შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის საკითხებზე მომუშავე ექსპერტთა საკონსულტაციო საბჭოსა“ და „მშვიდობის მშენებლობის პროცესში ქალთა ეფექტიანი მონაწილეობის გაძლიერების საკითხებზე საკონსულტაციო პლატფორმის“ წევრებს შეხვდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი უწყების ინიციატივით დაარსებული „შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის საკითხებზე მომუშავე ექსპერტთა საკონსულტაციო საბჭოსა“ და ,,მშვიდობის მშენებლობის პროცესში ქალთა ეფექტიანი მონაწილეობის გაძლიერების საკითხებზე საკონსულტაციო პლატფორმის“ წევრებს შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრის მიზანს შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის, მათ შორის სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ფარგლებში 2023 წელს განხორციელებული საქმიანობის შეჯამება, მიღწეული მნიშვნელოვანი შედეგების შეფასება წარმოადგენდა, რაც საოკუპაციო ხაზით გაყოფილი საზოგადოების წევრებს შორის ნდობის აღდგენისა და დაახლოებისკენ არის მიმართული.

„სახელმწიფო მინისტრმა დეტალურად ისაუბრა ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკით ხელმისაწვდომი სახელმწიფო პროგრამების შესახებ ჯანდაცვის, განათლების, ვაჭრობის, სახელმწიფო სერვისებსა თუ სათანადო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის მიმართულებით და შეხვედრის მონაწილეებს აღნიშნული კუთხით უწყების სამომავლო გეგმები და დაგეგმილი ინიციატივები გაუზიარა.

საბჭოსა და პლატფორმის წევრებმა დადებითად შეაფასებს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ გაწეული ძალისხმევა, სახელმწიფო მინისტრს საკუთარი მოსაზრებები გაუზიარეს და მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს, რაც ჩართულობის ხელშეწყობასა და კონფლიქტით დაზარალებული ადამიანების ინტერესებსა და საჭიროებებზე სათანადო რეაგირებას ემსახურება.

„შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის საკითხებზე მომუშავე ექსპერტთა საკონსულტაციო საბჭო“ და „მშვიდობის მშენებლობის პროცესში ქალთა ეფექტიანი მონაწილეობის გაძლიერების საკითხებზე საკონსულტაციო პლატფორმა“ სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით 2021 წელს დაარსდა და მიზნად ისახავს ერთი მხრივ, სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობის გაძლიერებას, ხოლო მეორე მხრივ – ქალთა ჩართულობისა და როლის გაზრდას მშვიდობის მშენებლობის პროცესში“, – ნათქვამია ინფორმაციაში.