უკრაინაში საქართველოს ელჩმა, გიორგი ზაქარაშვილმა კიევი დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროში მიაწოდეს.
გიორგი ზაქარაშვილს კიევის დატოვება უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით მოუწია.
კერძოდ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 3 ივლისს, უკრაინის საგარეო უწყებას დაავალა, საქართველოს ელჩს დაკავშირებოდა და 48 საათის განმავლობაში კიევის დატოვებისა და მიხეილ სააკაშვილის საკითხზე კონსულტაციებისთვის თბილისში დაბრუნების გადაწყვეტილების შესახებ ეცნობებინა.
“ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ ოფიციალურ თბილისს, შეწყვიტოს ეს დაცინვა და შეთანხმდეს სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებაზე. ჩვენმა პარტნიორებმა ასევე შემოგვთავაზეს სხვადასხვა სამაშველო ვარიანტები. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი უკრაინას გადასცეს საჭირო მკურნალობისა და ზრუნვისთვის და მე მოვუწოდებ ჩვენს პარტნიორებს, არ უგულებელყოთ ეს ვითარება და გადაარჩინოთ ეს ადამიანი. ევროპაში არცერთ ძალას არ აქვს უფლება სიკვდილით დასაჯოს ადამიანები, სიცოცხლე არის ძირითადი ევროპული ღირებულება”, – განაცხადა ზელენსკიმ 3 ივლისს.