"ტვ პირველის" ინფორმაციით, 20 წლის ახალგაზრდა პოლიციას სასტიკ ძალადობაში ადანაშაულებს.
ლუკა თოფჩიშვილი ირწმუნება, რომ გორში მასზე 15-მდე სამართალდამცველმა ჯერ ქუჩაში იძალადა, შემდეგ კი ფიზიკურად პოლიციის განყოფილებაში გაუსწორდა.
ადვოკატის თქმით, გელაძის უწყების წარმომადგენლები ძალადობაზე მას შემდეგ გადავიდნენ, რაც რესტორნიდან გამოსული ახალგაზრდების ჯგუფი პოლიციამ გააჩერა და მათ შორის შელაპარაკება დაიწყო. "ტვ პირველის" რესპოდენტების თქმით, უნდოდათ ნაცემი ბიჭის დაკავებაც, მაგრამ ის იმდენად მძიმედ იყო, რომ იზოლატორის ნაცვლად კლინიკაში გადაიყვანეს.
ოჯახი ახალგაზრდას რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდა. საღამოს კი თოფჩიშვილებს პოლიციის განყოფილებიდან დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ ახალგაზრდა ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული.
მას შემდეგ, რაც ოჯახის წევრები პოლიციის განყოფილებაში მივიდნენ და სასტიკად ნაცემი ახალგაზრდა ნახეს, მათ ადგილზე სასწრაფო დახმარება გამოიძახეს და ლუკა თოფჩიშვილი გორმედში გადაიყვანეს.
ნაცემი ახალგაზრდა ამ დრომდე კლინიკაში რჩება, მას ტვინის შერყევა აქვს და თავის არეში დაზიანები ამ დრომდე აღენიშნება. პოლიცია ამტკიცებს, რომ ახალგაზრდები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ და მძიმე დაზიანებები თოფჩიშვილმა სწორედ ამ დროს მიიღო, თუმცა ამ ვერსიას ოჯახი კატეგორიულად გამორიცხავს.