მთავრობამ პარლამენტს 2026 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსია წარუდგინა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, მომავალ წელს, 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია 45 ლარით იზრდება და 495 ლარის ოდენობით განისაზღვრება. ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 594 ლარს გაუტოლდება.
ამასთან, 70 წლამდე პირთა პენსია იზრდება 20 ლარით და განისაზღვრება 370 ლარის ოდენობით, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში 444 ლარი იქნება.
გარდა პენსიისა, გათვალისწინებულია მკვეთრად გამოხატული და 18 წლამდე შშმ პირების სოციალური გასაცემლის ზრდა 45 ლარით, ხოლო დანარჩენი კატეგორიის შშმ პირთა გასაცემლის ზრდა 20 ლარით;
სამინისტროს ცნობითვე, 2022 წელს საჯარო მოხელეთა ანაზღაურების მარეგულირებელ კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, 2026 წელს გათვალისწინებულია საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა ანაზღაურების 10%-იანი ზრდა.