თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის აქციის ფარგლებში დაკავებულ კიდევ ათ პირს: გენადი კელიხაშვილს, დათო ღურწკაიას, რამაზ ჯორბენაძეს, ჯანდრი თირქიას, გია თოლორაიას, გური ჟვანიას, კახაბერ კვაჭანტირაძეს, სიმონ მახარაძეს, ავთანდილ თოფჩიშვილს და მიხეილ თოლორაიას აღკვეთის ღინისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ამით მოსამართლე ლელა კალიჩენკომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
დაკავებულთაგან რვა პირი: სიმონ მახარაძე, ჯანდრი თირქია, გენადი კელუხაშვილი, გური ჟვანია, რამაზ ჯორბენაძე, მიხეილ თოლორაია, ავთანდულ თოფჩიშვილი, გია თოლორაია - დუმილის უფლებით სარგებლობენ.
დანარჩენი ორი პირის: დათო ღურწკაიას და კახაბერ კვაჭანტირაძის განცხადებით კი, წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმებიან.
"საქართველოს დამოუკიდებლობის 32 წლის თავზე დემოკრატიული სახელმწიფოდან ტოტალიტარულ რეჟიმში შევედით. არ ვეთანხმები ბრალს. თუ დემოკრატიული სახელმწიფოს ერთგულება, ამასთანავე, რუსულ რეჟიმთან კოლაბორაციაში მყოფი ე.წ. ხელისუფლების კრიტიკა და მშვიდობიანი პროტესტი არის დანაშაული, მაშინ ჩამთვალეთ დამნაშავედ”,- მიმართა ბრალდებულმა კახაბერ კვაჭანტირაძემ მოსამართლე ლელა კალიჩენკოს.
რაც შეეხება ბრალდების მხარის პოზიციას, პროკურორმა ნუგზარ ჭიტაძემ ათივე ბრალდებულის მიმართ პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს. როგორც სხდომაზე პროკურორმა განაცხადა, თავისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში ბრალდებულების მხრიდან არსებობს მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენისა და მტკიცებულებების მოპოვებაში ხელის შეშლის საფრთხეები. ამასთან, მან მტკიცებულების სახით ვიდეოჩანაწერების არსებობა დაასახელა.
ბრალდების მიერ დასახელებულ საფრთხეებს არ იზიარებს და საერთოდ გამორიცხავს დაცვის მხარე. პროცესზე ადვოკატთა ნაწილმა მათი დაცვის ქვეშ მყოფების საერთოდ გათავისუფლება, ნაწილმა კი ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს. დასახელებული გირაოს ოდენობა 2 000-2 000 ლარს შეადგენდა.
ცნობისთვის, ათივე ბრალდებულს პროკურატურა 4 ოქტომბრის აქციის ფარგლებში სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ჯგუფურად ხელში ჩაგდების მცდელობას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობას ედავება.