"თრიალეთი" მოსამართლე ივერი აბაშიძის აცილებას ითხოვს და საქმის 8-თვიანი გაჭიანურების გამო იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიმართავს

"თრიალეთი" მოსამართლე ივერი აბაშიძის აცილებას ითხოვს და საქმის 8-თვიანი გაჭიანურების გამო იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიმართავს

პოსტი ნახა: 17
ტელე-რადიო კომპანია "თრიალეთი" მიმართავს თბილისის საქალაქო სასამართლოს, სასამართლოს თავმჯდომარესა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და მოითხოვს №3/725-26 საქმეზე შექმნილი მძიმე ვითარების დაუყოვნებლივ შესწავლას და საქმის დროულ და მიუკერძოებელ განხილვას.
"თრიალეთის" სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლომ წარმოებაში 2026 წლის 11 თებერვალს მიიღო. საქმე მოსამართლე ივერი აბაშიძეს დაევალა. მას შემდეგ 8 თვე გავიდა, თუმცა საქმის არსებითი განხილვის სხდომა დღემდე არ დანიშნულა.
სარჩელთან ერთად "თრიალეთმა" სასამართლოს ორჯერ მიმართა შუამდგომლობით და საქმის საბოლოო განხილვამდე ინკასოს მოქმედების შეჩერება მოითხოვა, რადგან ინკასო პირდაპირ უქმნის საფრთხეს კომპანიის არსებობასა და მაუწყებლობის გაგრძელებას.
ამასთან, "თრიალეთმა" სასამართლოს წარუდგინა როგორც პრემიერ-მინისტრის განცხადება სხვადასხვა ტელევიზიებთან მიმართებით განსხვავებული მიდგომის შესახებ, ასევე კომპანიის უმძიმესი მდგომარეობის ფაქტები: შეჩერებული გადაცემები, უხელფასო შვებულებაში მყოფი თანამშრომლები და დარჩენილი რამდენიმე თანამშრომელი, რომლებიც ანაზღაურების გარეშე ინარჩუნებენ "თრიალეთის" არსებობას.
შუამდგომლობები არ დაკმაყოფილდა.
25 სექტემბერს „თრიალეთმა“ სასამართლოს საქმის დაუყოვნებლივ განხილვის მოთხოვნით მიმართა და მიუთითა, რომ 8-თვიანი გაჭიანურება კანონით განსაზღვრულ საპროცესო ვადას სცდება და ეფექტიან სასამართლო დაცვას საფრთხეს უქმნის.
პასუხი არ მიგვიღია. სასამართლო სხდომაც არ დანიშნულა.
ამ ვითარებაში, 2026 წლის 12 ოქტომბერს, "თრიალეთი" სამართლებრივი რეაგირების მოთხოვნით სამ შესაბამის ინსტიტუტს მიმართავს:
• თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს - საქმის ხანგრძლივი გაჭიანურების შესწავლისა და დროული განხილვის უზრუნველსაყოფად;
• თბილისის საქალაქო სასამართლოს - მოსამართლე ივერი აბაშიძის აცილების მოთხოვნით; 
• საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს - დისციპლინური საჩივრით, საქმის 8-თვიანი გაჭიანურების მიზეზებისა და შესაძლო დისციპლინური გადაცდომის ნიშნების შესწავლის მოთხოვნით. 
"თრიალეთი" ითხოვს ფაქტების შესწავლას, პასუხებს არსებულ კითხვებზე და დროულ, მიუკერძოებელ და ეფექტიან მართლმსაჯულებას.
როცა მოსამართლე არც ინკასოს აჩერებს და არც საქმის არსებით განხილვას ნიშნავს, ასეთ პირობებში ბუნებრივად ჩნდება ეჭვი:
ხომ არ ელოდება სასამართლო იმას, რომ "თრიალეთის" მაუწყებლობა თავად შეწყდება, რის შემდეგაც სასამართლოს გადაწყვეტილება პრაქტიკულად აზრს დაკარგავს და ხელისუფლების ინტერესიც უკვე მიღწეული იქნება?
საქმის გაჭიანურება და ყოველი დაკარგული დღე "თრიალეთისთვის" შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს - რა აზრი ექნება სასამართლოს გადაწყვეტილებას, თუ ის მაშინ დადგება, როდესაც "თრიალეთს" არსებობის რესურსი აღარ ექნება?
ამიტომ მივმართავთ შესაბამის ინსტიტუტებს:
ნუ დატოვებთ "თრიალეთის" საქმეს უყურადღებოდ.
შეისწავლეთ. მიეცით პასუხი. უზრუნველყავით დროული მართლმსაჯულება.
ამასთანავე, მოუწოდებთ საერთაშორისო და ადგილობრივ მედიის დამცველ ორგანიზაციებს: დააკვირდით "თრიალეთის" საქმეს.
ჩვენ ვითხოვთ:
კანონის დაცვას.
თანაბარ მოპყრობას.
დროულ მართლმსაჯულებას.
სასამართლო სხდომის დაუყოვნებლივ დანიშვნას.
"თრიალეთი" სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება.
მაგრამ "თრიალეთს" უსასრულოდ ლოდინის შესაძლებლობა აღარ აქვს.


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე