თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილმა არ დააკმაყოფილა "ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის" შუამდგომლობა და არ შეაჩერა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 27 აგვისტოს გადაწყვეტილება, რომლითაც "თრიალეთს" გაფრთხილება მიეცა.
სასამართლომ მიუთითა, რომ სადავო გადაწყვეტილების კანონიერების საკითხი საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე უნდა შეფასდეს და მისი მოქმედება არ შეაჩერა, მიუხედავად იმისა, რომ დავის საფუძველს წარმოადგენს ისეთი ცვლილება, რომელიც "თრიალეთის" მიერ არ განხორციელებულა და მის კონტროლს არ ექვემდებარებოდა.
"თრიალეთი" ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და განჩინება უკვე გავასაჩივრეთ თბილისის სააპელაციო სასამართლოში.
ჩვენი პოზიცია მარტივია: სადავო ცვლილება განხორციელდა "თრიალეთის" 10%-იანი პარტნიორის - დამოუკიდებელი იურიდიული პირის, შპს "აქცეპტის" საკუთრებაში. "თრიალეთის" პარტნიორთა შემადგენლობა არ შეცვლილა, კომპანია ამ გარიგების მხარე არ ყოფილა და მასზე წინასწარი ინფორმაცია არ ჰქონია.
ამასთან, "თრიალეთსა" და "აქცეპტის" დირექტორს, ბიძინა ივანიშვილის დისშვილ კახა კობიაშვილს შორის უკვე არსებობს დაპირისპირება. შესაბამისად, მომავალში "აქცეპტში" მსგავსი ცვლილება, შესაძლოა კვლავ კომპანიის წინააღმდეგ იქნეს გამოყენებული.
თუ კომისიის ეს მიდგომა ძალაში დარჩა, "თრიალეთს" შესაძლოა შეექმნას განმეორებითი "დარღვევისა" და 3 000-დან 30 000 ლარამდე ჯარიმის რეალური რისკი იმ მოქმედებისთვის, რომელსაც თავად არ ახორციელებს და ვერ აკონტროლებს.
თუ სასამართლო დავის დასრულებამდე კომპანიას ასეთი რისკისგან რეალური დაცვა არ ექნება, ჩნდება კითხვა - რამდენად არის ეს ეფექტიანი სასამართლო დაცვა? მით უმეტეს, თუ საბოლოო გადაწყვეტილებას მნიშვნელოვანი დრო დასჭირდება.
სწორედ ამიტომ მივიჩნევთ, რომ სასამართლოს მიერ დავის საბოლოო გადაწყვეტამდე ეფექტიანი სასამართლო დაცვის საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
"თრიალეთი" სამართლებრივ ბრძოლას აგრძელებს და თბილისის სააპელაციო სასამართლოსგან ითხოვს საკითხის სამართლებრივად სრულ და ობიექტურ შეფასებას.
ამ დავის არსი საბოლოოდ ერთ მთავარ სამართლებრივ კითხვამდე დადის:
შეიძლება თუ არა კომპანიას დაეკისროს პასუხისმგებლობა მისი დამოუკიდებელი პარტნიორის მოქმედებისთვის, რომლის შესახებაც მას წინასწარი ინფორმაცია არ ჰქონდა და რომლის კონტროლის სამართლებრივი შესაძლებლობაც არ გააჩნდა?